„კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის” ახალი მწვრთნელის ანტონიო კონტეს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იქნება.

„კონტე კვარაცხელიას კასტელ დი სანგროს საწვრთნელ ცენტრში 25 ივლისს ელის. ქართველი შემტევის არდადეგები სწორედ ამ დროისთვის დასრულდება და ახალ თავკაცს ბოლოს და ბოლოს მასთან მუშაობის შესაძლებლობა მიეცემა. კონტეს ერთი სული აქვს, როდის შეხვდება ფეხბურთელს, როდის დაელაპარაკება ტაქტიკასა და თავის ხედვაზე. მას სურს კვარაცხელიას აუხსნას „ნაპოლის” შეტევის მექანიზმი, რომლის აწყობას ჯერჯერობით დიმარო ფოლგარიდაში (კურორტი ჩრდილოეთ იტალიაში ლიხტენშტაინისა და ავსტრიის საზღვართან) მის გარეშე ცდილობს. ამ ეტაპზე ის თავისი ტექნიკური ლიდერის გარეშე იმუშავებს, კვარაცხელიას დაბრუნების შემდეგ კი სქემაში მისი თვისებების ჩართვასაც შეეცდება. სანამ ხვიჩა ისვენებს, კონტე აწყობს გუნდს, რომელიც ქართველის ჩასვლის შემდეგ მისი უნარების სრული გაშლისთვის იქნება მზად”, — წერს რომაული გაზეთი.

მაინც რა როლს უმზადებს ახალი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ვარსკვლავს? „კორიერე დელო სპორტი” ასე განმარტავს:

„კვარას სამოქმედო ტერიტორია იქნება მოედნის შუიდან წინ. ის არც გარემარბი იქნება და არც შემტევი ნახევარმცველი. ის შეხედავს თავისი გუნდის მოქმედებას და მას გაჰყვება. ხშირად მოუწევს ცენტრალური თავდამსხმელის დახმარება. კვარაცხელია იქნება კავშირი რგოლებს შორის. გარდა ამისა, კონტე მისგან დაცვაში ბევრ მუშაობასა და თავდადებასაც ელის. მეტოქის კარის სიახლოვეს კი ხვიჩას კონკრეტული მოქმედებებიც ანუ გოლის გატანაც მოეთხოვება”.