20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯობრო დღემ რაგბის ქართველი ქომაგის გულში არაერთგვაროვანი ემოცია დატოვა. უმცროსი ბორჯღალოსნები ირლანდიელ თანატოლებს უკვე გაწითლებულ დროშიც კი 16:15 ამარცხებდნენ, მაგრამ ახალგაზრდა „სამყურების“ ბოლო შეტევის უკუგდება ვერ მოახერხეს და 83-ე წუთზე ლელო-გარდასახვაც მიიღეს – 16:22.

ირლანდია 20-წლამდელთა ბოლო ექვსი ერის ვიცე-ჩემპიონია, თუმცა ლადო კილასონიას რაზმმა მრისხანე მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო და მეტი კონცენტრაციის, მსაჯის უფრო მაღალი კომპეტენციისა თუ ზნეობის და უბრალოდ იღბალის პირობებში ეს მიმოხილვაც სულ სხვაგვარად დასათაურდებოდა და განსხვავებული ხასიათისაც იქნებოდა.

კონცენტრაცია წარმოუდგენელია, როცა მეტოქეს ფიზიკურად უბრალოდ ჩაგრავ, თრგუნავ, და გადამწყვეტ მომენტში უყურადღებობის გამო ბურთს კარგავ.  ასეთი მაღალი დონის ტურნირზე ორი არცთუ რთული საჯარიმო დარტყმის აცილებაც წარმოუდგენელია, არც დასარტყმელი პოზიციიდან ბურთის კიდეზე გადატანას აქვს გამართლება;

რეფერი  რთული სათქმელია, რა უფრო ესადაგება მატჩის არბიტრს – დაბალი კვალიფიკაცია თუ უნამუსობა? ალბათ ორივე თანაბარი დოზით;

უიღბლობა მიუხედავად თამაშის ბოლოს უკვე თვალშისაცემი ქართული დომინაციისა, სწორედ მატჩის ფინიში არ გამოუვიდა ავსტრალიასთან აშკარა ჩაფლავების მერე საოცრად მოყოჩაღებულ ქართველებს – ისინი გამარჯვებას ხომ ალალად იმსახურებდნენ?! თუმცა, ეს რაგბია და აქ კონცენტრაციის დაკარგვა ძალზე ძვირად უჯდება ამის დამშვებს…

ჰოდა გამოვიდა, რომ ჩვენი აზრით უფრო ძლიერმა ქართველებმა დასანანი მარცხი განიცადეს. ირლანდიელებს თავისი ბედნიერების არც სჯეროდათ. მოკლედ, სტელენბოსხის „დენი ქრეივენზე“ ნამდვილი დრამა გათამაშდა.

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ პულის მეორე მატჩში იტალიამ ავსტრალიას 17:12 მოუგო და უმცროსი ბორჯღალოსნები ცხრილის ფსკერზე ჩააჩოჩა. აქედან გამომდინარე, სამშაბათს, 9 ივლისს იმავე სტელენბოსხში 18:30-ზე დასაწყებ ამ გუნდების უშუალო დაპირისპირებაში გაირკვევა, ვინ იბრძოლებს მეხუთე-მერვე ადგილებისთვის და ვინ – ელიტაში დარჩენისთვის. შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ჩაბმა ორივეს მოუწიოს…

პირველ პულში უელსმა ესპანეთს 31:10 მოუგო, ხოლო ახალმა ზელანდიამ მინი-სენსაცია შექმნა – მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ფრანგებთან ჯერ 0:11 მარცხდებოდა, შემდეგ – 7:18, მაგრამ სიტუაციის შემოტრიალება მოახერხა და 27:26 მოიგო. ეს მარცხი ფრანგებს შესაძლოა ტიტულადაც კი დაუჯდეთ.

მესამე პულში კი ინგლისმა ფიჯი 48:11 დაამარცხა, ხოლო არგენტინამ მასპინძელ სამხრეთ აფრიკას 31:12 მოუგო. ასე რომ, სამივე პულში ბოლო ტური იქნება ყველაფრის გადამწყვეტი.