იმისათვის, რომ კარგად წარმოვიდგინოთ, თუ რა ტექნოლოგიური სიახლე დაინერგება ესპანეთის ლა ლიგაში ახალი 2024-25 წლების სეზონიდან, ჯერ გავეცნოთ ოფსაიდის ნახევრად ავტომატური დაფიქსირების მეთოდს. მას მოკლედ „ნახევრადავტომატურ ოფსაიდს” უწოდებენ. ლაპარაკია არა ბევრი ვიდეოკამერით მიღებულ გამოსახულებათა შეჯერება-შედარებაზე, არამედ მოწყობილობაზე, რომელიც სტადიონის სახურავზე დამონტაჟდება და როგორც კი მოთამაშე მოედანზე ფეხს შედგამს, მის 30 სახსარს კონტროლის ქვეშ აიყვანს. ეს უხეშად რომ ვთქვათ ანტენის პრინციპით მომუშავე ტექნოლოგიაა, რომლის ალგორითმებიც მუდმივად იმის შემოწმებით იქნება დაკავებული, არის თუ არა ფეხბურთელი თუნდაც სანტიმეტრიან თამაშგარე მდგომარეობაში.

უნდა დავძინოთ, რომ „ნახევრადავტომატური ოფსაიდი” VAR-ს კი არ ჩაანაცვლებს, არამედ დაემატება.

იქნება კიდევ ერთი სიახლე: ფეხბურთელის ტვინის შერყევის შემთხვევაში გუნდს მეექვსე ცვლილების უფლება მიეცემა. ამ შემთხვევაში დამატებითი ცვლილების უფლება მიეცემა მეტოქესაც.

ხსენებულ სიახლეთა შესათანხმებლად შეიკრიბნენ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პედრო როჩა, ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი, ქალთა F ლიგის პრეზიდენტი ბეატრის ალვარესი და ტერიტორიული ფედერაციების პრეზიდენტები. როგორც მოგახსენეთ, სიახლე ქვედა ლიგებში ჯერ არ დაინერგება.