საქართველოს ნაკრები და ხვიჩა კვარაცხელია თავიანთი პირველი ევროსთვის ემზადებიან. იტალიურ მედიაში წერენ, რომ „ნაპოლის” ვარსკვლავი ეროვნული გუნდის ლიდერია და შეეცდება ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლიოს. ამ ეტაპზე კი ქართველების მეტოქეები არიან თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია.

The Athletic-მა შეჯიბრების დაწყების წინ საქართველოს ნაკრები გააანალიზა, უფრო სწორედ კი ყურადღება კვარაცხელიაზე გაამახვილა. მედია საშუალება წერს, რომ საქართველო 5-3-2 განლაგებით თამაშობს, რაც კვარაცხელიას უფრო თავისუფალი მოქმედებისთვის უხსნის ხელ-ფეხს. მას შეუძლია საჭიროების მიხედვით ფლანგზე გადავიდეს ან შუაში შევიდეს და მეორე ფორვარდის პოზიცია დაიკავოს.

23 წლის კვარცხელია The Athletic-ის თქმით საქართველოს ნაკრების ისტორიაში უკვე ყველაზე ცნობილი ფეხბურთელია, ხოლო ნეაპოლში ნამდვილ გმირად ჰყავთ შერაცხული და კვარადონას ეძახიან.

და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია წინა სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მსოფლიოსა და ევროპაში ბევრი გულშემატკივარი მას კარგად ჯერ კიდევ არ იცნობს. მისი ძლიერი მხარე დრიბლინგია. ის ორივე ფეხით თამაშობს და ერთი შეხედვით გამოუვალ სიტუაციებში სწრაფად მოქმედებს.

„ნაპოლიში” კვარაცხელია მარცხნივ თამაშობს, მაგრამ ვილი სანიოლი მას სხვანაირად იყენებს.

მას მერე, რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელობიდან ვლადიმირ ვაისი გადადგა, სანიოლის წინაშე დადგა რთული ამოცანა: 2020 წლის შესარჩევში ჩავარდნის შემდეგ გუნდი მენტალურად გაეცოცხლებინა.

„ბოლო ორი წელიწადია, ბურთის ფლობის ფაზაში ჩვენ მის უფრო ცენტრში მოქმედებაზე ვიმუშავეთ. ასე იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ხვიჩას ბევრი გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება შეუძლია. საქართველოს ნაკრებისთვის შეტევაში ასეთი ფეხბურთელის ყოლას ფუნდამენტური მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ, რომ ჩვენს განკარგულებაში ამ თვისებების მქონე მოთამაშეები ბევრი არ არის”, — თქვა სანიოლმა.