„ნაპოლის” ახალი მწვრთნელი ჰყავს. როგორი კაცია ანტონიო კონტე? რა თვისეებით გამოირჩევა?

ანდრეა პირლო იგონებს, რომ გაცეცხლებულ ანტონიო კონტეს შესვენებების დროს ბოთლების სროლა უყვარდა. „იუვენტუსის” ყოფილი ნახევარმცველი სიცილით ჰყვებოდა, რომ „მილანიდან” „იუვენტუსში” ახალგადასულმა, არ იცოდა, რომ გასახდელში სახიფათო ადგილებიც არსებობდა. ეს ის ადგილები იყო, სადაც მწვრთნელის მიერ ნასროლი ბოთლები ახდენდა ზღართანს. სახიფათო კუთხეებში მსხდომ ფეხბურთელებს მოქნილობის გამომჟღავნება უხდებოდათ.

2014 წელს კონტეს ლეგენდარულ მეკარესთან ჯანლუიჯი ბუფონთან მოუვიდა კონფლიქტი, რომელსაც თვითმხილველები დღემდე ვერ ივიწყებენ: „შავ-თეთრები” 99 ქულით უკვე იტალიის ჩემპიონები იყვნენ, მაგრამ კონტეს მეტი უნდოდა, რეკორდის დამყარებაზე ფიქრობდა. ბუფონმა ვერ გათვალა, რომ ასეთ დროს მწვრთნელთან ფულზე ლაპარაკი სწორი არ იქნებოდა და ჰკითხა, ტრიუმფალური სეზონისა და რეკორდების გამო დამატებით პრემიებს თუ გადაუხდიდნენ. კონტემ იფეთქა. მისი პასუხი იყო „ვაფანკულო” (ქართულად წადი ტრ…ში), რასაც გარეთ გაყვანის მცდელობა და დიდი გაწევ-გამოწევა მოჰყვა.

ასეთი მძიმე ხასიათის მიუხედავად, როგორც ამბობენ, კონტე ძალიან კომუნიკაბელური ადამიანია და მხოლოდ ფეხბურთელებთან კი არა, კლუბის მომსახურე პერსონალთანაც მეგობრობს. ის თვეში ერთხელ ყველას სადილზე პატიჟებს და ამას ერთსულოვნების განმტკიცებად მიიჩნევს.