არის სტეფანო პიოლის ვარიანტიც

ნეაპოლური და ზოგადიტალიური საიტები ერთხმად წერენ, რომ „ნაპოლი” ახალი მწვრთნელის ვინაობას დღეს-ხვალ გამოაცხადებს. ტელეკომპანია „სქაის” ინფორმაციით მას მერე, რაც „ატალანტამ” ევროპის ლიგა მოიგო და გაუგებარი გახდა ჯან პიერო გასპერინი კლუბს დატოვებს თუ არა, აურელიო დე ლაურენტისი ანტონიო კონტეზე გადაერთო. „ტოტენჰემის”, „ინტერის”, „ჩელსის”, „იუვენტუსის” და სხვა კლუბების, აგრეთვე იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი ახლა მოწინავე პოზიციაზეა.

რამდენიმე კვირის წინ „ნაპოლისა” და კონტეს მოლაპარაკებებში დაბრკოლების როლი ფინანსურმა საკითხმა ითამაშა. ახლა კი ვითარება შეიცვალა, რადგან დრო აღარ ითმენს. ახალი ფეხბურთელების შეძენა და ამბიციური კლუბის საკადრისი გუნდის ჩამოყალიბება საშური საქმე გახდა, რამაც კონტეს პოზიციები გააძლიერა.

ხელფასის მხრივ კი „აძურისთვის” სტეფანო პიოლი უფრო მომხიბლავია, ამიტომ დე ლაურენტისი „მილანის” აწ უკვე ყოფილ მწვრთნელსაც დაელაპარაკება.

საბოლოო გადაწყვეტილებას „ნაპოლის” პრეზიდენტი ერთპიროვნულად მიიღებს. რას იზამს ის, კონტეს (ან პიოლის) კანდიდატურაზე შეჩერდება თუ დაელოდება რას მოილაპარაკებს „ატალანტა” გასპერინისთან, შეიძლება დღესვე გაირკვეს. საბოლოო პასუხს კი საზოგადოება ორშაბათამდე ელის.