როგორც იტალიური მედიიდან ირკვევა, „ნაპოლის” კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ კლუბს ტრანსფერი სთხოვა. ნეაპოლელი გულშემატკივარი იმედოვნებს, რომ მარჯვენა მცველი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე არ იჩქარებს, ხოლო მერე, „ნაპოლის” კოშმარული სეზონი მეტ-ნაკლებად დავიწყებული იქნება. ქომაგებს უნდათ, რომ ტოსკანელმა (ტოსკანას დედაქალაქია ფლორენცია) ვარსკვლავმა „მარადონაზე” რაც შეიძლება დიდხანს ითამაშოს. დი ლორენცოს კარიერული მონაგარი მართლა შთამბეჭდავია: 230-ზე მეტი თამაში სერია A-ში, 17 გოლი, იტალიის თასი, სკუდეტო და ევროპის ჩემპიონის ტიტული „სკუადრა აძურასთან” ერთად. პორტალი areanapoli წერს, რომ 30 წლის კაპიტნის ამჟამინდელი განწყობა სხვა არაფერია თუ არა რეაქცია არაკომპეტენტური და უმადური ადამიანების მიერ ჩადენილ სხვადასხვა საქციელზე, რომელთა შედეგად ეს სამაგალითო ადამიანი უბრალოდ ნაწყენი დარჩა.
დი ლორენცომ „ნაპოლისთან” კონტრაქტი 2028 წლამდე შარშან გაახანგრძლივა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას სურდა კარიერა თავისი ცხოვრების მთავარ გუნდში, „ნაპოლიში” დაემთავრებინა, მაგრამ შარშანდელთან შედარებით დღეს რადიკალურად სხვა მომენტი დგას. ახლა აღარავინ განიცდის იმ ბედნიერებას, რომელსაც ერთი წლის წინ, „სკუდეტოს” მოგების შემდეგ ყველა შეპყრობილი ჰყავდა.
areanapoli ამბობს, რომ კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი და სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ყველა ღონეს იხმარენ, რათა კაპიტანი დარჩენაზე დაიყოლიონ, მაგრამ თუ ის გაჯიუტდება და მაინც წავა, კაპიტნის სამკლავური შესაძლოა სტანისლავ ლობოტკას ან… ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცეს. საიტის აზრით ლობოტკა ერთგული კაცია და გასულ სეზონში ცუდად არ უთამაშია, კვარაცხელია კი ტემპერამენტს ნამდვილად არ უჩივის და დიდი შანსია „ნაპოლის” ქარიზმატული ლიდერი გახდეს.





