გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ზე გაემგზავრება და იქნება „ლევანტეს” ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც კონტინენტის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ნახევარმცველი ეროვნული გუნდის სიაში „ვალენსიას” მეკარესთან გიორგი მამარდაშვილთან და „ნაპოლის” ვარსკვლავთან ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად მოხვდა. ამ ორი ფეხბურთელის სახელი კი ვილი სანიოლის შემადგენლობიდან ყველაზე მეტად იპყრობს ყურადღებას.
მართალია ფრანგმა მწვრთნელმა ქოჩო ეროვნულ გუნდში პირველად სეზონის დასაწყისში გამოიძახა, მაგრამ ის მისთვის შეუცვლელი გახდა. სექტემბრიდან მოყოლებული „ბაყაყების” ნახევარმცველი შვიდჯერ ჩავიდა ეროვნულ გუნდში და ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მან ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ის იმდენად საკვანძო ფიგურა გახდა, რომ მარტში ევრო 2024-ის შესარჩევი შეჯიბრების ფინალში 120 წუთი დაჰყო მოედანზე. ეს გახლდათ შეხვედრა საბერძნეთთან, რომლის გმირიც გახდა მამარდაშვილი. მან პენალტი მოიგერია. მაგრამ ქოჩო საკვანძო მოთამაშე იყო არა მარტო ამ დღეს, არამედ ნახევარფინალშიც ლუქსემბურგის წინააღმდეგ.
ასეთი გამოცდილებით ზურგგამაგრებული ქოჩო აპირებს მოხვდეს საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებების წინააღმდეგ. საქართველოსთვის ჯგუფური ეტაპის დაძლევა იოლი საქმე ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ის განწირულიც არ არის. საქართველოს აუცილებლად ექნება შანსი, ქოჩომ კი შეიძლება „ლევანტეს” სატრანსფერო ბაზარზე ფული აშოვნინოს. ვალენსიური კლუბისთვის ეს იქნება ერთადერთი გასროლა მოახლოებულ ევრო-ვიტრინაზე.
მარიო ლუპიონი plazadeportiva