აბუ დაბიში დასრულდა ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის დასკვნით დღეს საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი მედალი ერგო.
გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) ვერცხლის მედალს დასჯერდა. არადა, თუშიშვილმა ერთი ამოსუნთქვით იარა: ალჟირელ მოჰამედ ელ მეჰდი ლილისა და თურქ იბრაჰიმ ტატაროღლუს დასამარაცხებლად დიდი დრო არ დასჭირვებია; მეოთხედფინალში რუს ტამერლან ბაშაევს ვაზარით სძლია; ნახევარფინალში უზბეკ ალიშერ იუსუპოვს ვაზარით კი ჩამორჩა, მაგრამ ამავე ილეთზე მეტოქე ორჯერ დააგდო და ფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ სამხრეთკორეელი მინჯონგ კიმი ერგო. სამწუხაროდ, ფინალში ჩვენებური თავისსავე ილეთზე წამოეგო და ოქროს მედალი კორეელს გაატანა.
ამავე წონაში საბა ინანეიშვილმა პირველ წრეში მონტენეგროელი ანტო დუბრეტა დამაჯერებლად დაამარცხა; შემდეგ კი ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ჩეხ ლუკაშ კრპალეკს შეხვდა, მაგრამ ჭიდაობის მიმდინარეობისას ტრავმა მიიღო და ტურნირს გამოეთიშა. საბამ მხარი ამოიგდო და კლინიკაში გადაიყვანეს.
პირველივე წრეში დამარცხდა სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.). ის ბოსნიელ ლარისა სერიჩთან ვაზარით იგებდა, მაგრამ თავადაც ეს ილეთიც გაეპარა, რის შემდეგ შებოჭვაზე მოჰყვა.
აბუ დაბიში ქართული დელეგაციის მონაგარი ოთხი მედალია: ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60) და ტატო გრიგალაშვილი (81) გახდნენ; თუშიშვილს ვერცხლი ერგო, ხოლო ვაჟა მარგველაშვილს (66) – ბრინჯაო.