Fiorentina-Napoli 2-2 report cards: magical Kvara, horror Marchetti„ნაპოლი” ფლორენციაში „ფიორენტინასთან” ამირ რაჰმანის თავური გოლით 1:0-ს იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა ორი გოლის გატანა მოახრხეს. სტუმართა საბედნიეროდ, 57-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ უბადლო საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ქულა გადაარჩინა.

სერია A-ს დასრულებამდე „ნაპოლის” დარჩა ერთი თამაში — უმოტივაციო „ლეჩესთან”. „აძური” კონფერენციის ლიგაზე გამსვლელ ფიორენტინას 2 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ფლორენციელებს ნეაპოლელებისგან განსხვავებით ორი შეხვედრა დარჩათ: ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ „კალიარისთან” და ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრისთვის მებრძოლ „ატალანტასთან”. ფლორენციელებმა ორივე შეხვედრა სტუმრად უნდა ჩაატარონ.

ქვემოთ გთავაზობთ თუ როგორ შეაფასეს კვარაცხელიას თამაში იტალიურმა საიტებმა.

calciomercato — 7 კვარაცხელია შთაგონებული ჩანდა. შემდეგ განერვიულდა. ის არ გაჩერებულა და თამაშის დაწყებიდან დაახლოებით ერთ საათში სანახაობრივი საჯარიმო დარტყმით ბურთი მაღალ კუთხეში შეაგდო. მეკარე პიეტრო ტერაჩიანო ამ დარტყმას ვერ აიღებდა.

iamnaples — 7 კვარაცხელიას მიერ გატანილი საჯარიმოს წყალობით „ნაპოლი” ევროპაში გასვლის შანსს ჯერ კიდევ ებღაუჭება. ამას დაამატეთ მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილებები. მაგალითად, დოდოს მიერ მისი წაქცევა, რომელიც არბირტმა ვერ შეამჩნია, რის მერეც თამაში გაგრძელდა და მოიტანა ის საჯარიმო დარტყმა, რომლიდანაც კრისტიანო ბირაგიმ „ფიორენტინას” სასარგებლოდ ანგარიში გახსნა. ეს ყველაფერი კვარაცხელიას ღირსეულ თამაშზე მეტყველებს. მან ლიდერის შთაბეჭდილება დატოვა.

areanapoli — 7.5 . პირველ 20-22 წუთში მას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ურტყამდნენ (სად იყო მსაჯი?) ის კი მაინც თვალშისაცემად თამაშობდა. შემდეგ ის მსაჯმა მარკეტიმაც ამოიჩემა და გადაჭარბებული სიმკაცრით დასაჯა, ყვითელი ბარათი ამოუღო. მეორე ტაიმში მან საჯარიმოდან ლურჯი რაკეტა გაისროლა, რომელიც მაღალ კუთხეში შევარდა. ნამდვილი ჩემპიონის თამაში იყო.

mediaset — 7 „ნაპოლისა” და პირადად მისთვის დუნე სეზონში კვარაცხელიამ სერია A-ში მაინც 11 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ეს რიცხვები ნათლად აჩვენებს თუ რა მნიშვნელოვანი ფიგურაა ის „აძურისთვის”. მისმა მომაჯადოებელმა საჯარიმო დარტყმამ შეხვედრა დაამშვენა.

napolipiu — 7 . „ნაპოლის” 2:2 მორიგმა ჯადოსნურმა საჯარიმო დარტყმამ მოუტანა. ამიერიდან საჯარიმო დარტყმა ქართველი ფენომენის დამატებითი სპეციალიზაცია იქნება.

tuttonapoli — 7.5 თამაში კარგად დაიწყო, ხშირად იწევდა საჯარიმო მოედინისკენ და მის გარედან კარში დარტყმას ცდილობდა. მის მიერ საჯარიმოდან გატანილი გოლი, რომელმაც ანგარიში 2:2 გახადა, „არტემიო ფრანკის” სტადიონზე გამართული შეხვედრის სამკაული იყო.

tuttomercatoweb — 7 პირველივე ტაიმიდან გამოცოცხლებული ის „ნაპოლის” თავდამსხმელთა შორის ყველაზე ყოჩაღი იყო. მეორე ტაიმში მძლავრი და ელეგანტური საჯარიმო დარტყმით ანგარიში 2:2 გახადა.

calcionapoli24 — 7 დე ლაურენტისმა პრეს-კონფერენციაზე მისი გვარი არასწორ კონტექსტში ახსენა. პასუხად კვარაცხელიამ მე-13 წუთზევე სცადა გოლის შეგდება და შემდეგ მალევე გაიმეორა იგივე. ის დაჟინებით ცდილობდა დრიბლინგს, დოდოს მისი გაჩერება უჭირდა (და 1:1-ის წინ მის წინააღმდეგ იუხეშა). ერთი ყველას წინააღმდეგ მოლაშქრე კვარაცხელია ფეხებში ბევრ დარყმას უძლებდა. რაც შეეხება საჯარიმოს, რომლითაც მან ანგარიში 2:2 გახადა, ის შეხვედრის მშვენება იყო და პასუხი გასცა ბლა ბლა ბლას „ბატონ კვარაცხელიასა” და კონტრაქტის პატივისცემასთან დაკავშირებით.

ilnapolista — 7 50-ე წუთამდე კვარაცხელიამ სულ ცოტა ხუთჯერ სცადა კარში დარტყმა. შემდეგ, შვიდ წუთში პელოტა საჯარიმო დარტყმაზე გაასწორა და საკმაოდ შორი მანძილიდან ბურთი შვიდიანში შეაგდო. გაუმარჯოს ჩე კვარას, გაუმარჯოს საქართველოს!

calcionapoli1926 — 7.5 კვარაცხელიამ შეხვედრა შეპყრობილი ადამიანივით დაიწყო და ასევე გააგრძელა. მართალია მოწინააღმდეგე მთელი თამაშის განმავლობაში ფეხებსი ურტყამდა, მაგრამ ის დგებოდა და იბრძოდა. შემდეგ კი საჯარიმო დარტყმით გოლი გაიტანა, რომელმაც შეხვედრას ბეჭედი დაუსვა.

napolimagazine — 7 ის კარში არტყამდა, უტევდა და საჯარიმო დარტყმით დიდებული გოლი გაიტანა.

რაც შეეხება იმ საიტების შეფასებებს, რომლებიც სტატისტიკას ეყრდნობიან: flashscore-მა ხვიჩას 7.8 ქულა დაუწერა, ხოლო და whoscored-მა 7.6.