„ნაპოლიმ” სერია A-ს 36-ე ტურში შინ „ბოლონიასთან” 0:2 წააგო. მასპინძლებმა ორივე გოლი შეხვედრის დასაწყისში, მე-9 და მე-12 წუთებზე გაუშვეს. ამის შემდეგ მატეო პოლიტანომ ვიქტორ ოსიმენის მოპოვებული პენალტი ვერ გაიტანა. შედეგად, ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ნეაპოლელები გაურკვევლად არიან: უცნობია მოხვდებიან თუ არა რომელიმე ევროთასზე, თუნდაც კონფერენციის ლიგაზე. მათი დღევანდელი პოზიცია, მე-8 ადგილი მყიფეა, ვინაიდან მეცხრე პოზიციაზე მყოფი „ფიორენტინა” „მონცასთან” ორშაბათს თამაშობს და გამარჯვების შემთხვევაში ნეაპოლელებს ორი ქულით გაასწრებს, შემდეგ ტურში კი ეს გუნდები ფლორენციაში ხვდებიან ერთმანეთს.

ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 81 წუთი დაჰყო. ქვემოთ გთავაზობთ შეფასებებს, რომლებიც იტალიურმა საიტებმა ქართველ ფეხბურთელს დაუწერეს.

calciomercato — 5.5 მან იცოდა, როგორ უნდა შეენთო ცეცხლი, როგორ შეექმნა ხიფათი ბოლონიელთა უკანახაზელთათვის. ის ალბათ ერთადერთი ნეაპოლელი იყო, რომელიც რიცხობრივ უპირატესობას ეძებდა და ქმნიდა, მაგრამ რეალური გარღვევა ვერ მოახერხა.

iamnaples — 5.5 ის იყო ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. პერიოდულად ყველაფრის გაკეთებას მარტო ცდილობდა, მაგრამ საერთო უსახურობის წინააღმდეგ მარტომ აჯანყება ვერ მოაწყო.

areanapoli — 4 მოწინააღმდეგემ ააგო კედელი, რომლის გადალახვა ქართველმა ერთი-ორჯერ შეძლო. გარდა ამისა მან ყვითელი ბარათიც მიიღო (მსაჯმა პიარეტომ გასაოცარი რამ ჩაიდინა, როდესაც მის წინააღმდეგ აშკარა დარღვევის გამო ჯარიმა არ დანიშნა, რამაც ის გააბრაზა). ამ საიტმა სტანისლავ ლობოტკას მონდომებისა და შეუპოვრობისთვის 10 ქულა დაუწერა.

napolipiu — 5.5 (სიტყვიერი შეფასების გარეშე).

tuttonapoli — 4.5 ვერც რიტმი იპოვა და კაცსაც პრაქტიკულად ვერ გაცდა. ნერვები მოეშალა ჯარიმის გამო, რომელიც მსაჯს უნდა დაენახა, მაგრამ ეს გამართლება ვერ იქნება.

calcionapoli24 — 4 ცდილობდა, მაგრამ ხიფათი ერთხელაც ვერ შექმნა. ორთაბრძოლების ნახევარი წააგო და დრიბლინგების დროს უკბილო იყო. მსაჯმა ჯარიმა რომ არ დანიშნა, ნერვები მოეშალა. ვითომ უფრო ადრე შეცვლა მისი უდიდებულესობის შეურაცხყოფა იქნებოდა?

napolimagazine — 4.5 რიცხობრივი უპირატესობა ვერ შექმნა.

აქვე ილუსტრაციების სახით გთავაზობთ იმ საიტების შეფასებებს, რომლებიც მხოლოდ სტატისტიკას ეყრდნობიან: flashscore და whoscored.