Vinicius Junior of Real Madrid CF is in action with Konrad Laimer of FC Bayern Munich during the UEFA Champions League match between Real Madrid and...მადრიდული AS წერს, რომ თუკი წლეულს „ოქროს ბურთის” მოგებაზე ვინმეს პრეტენზია ექნება, ეს ვინისიუსია. თან ეს მოხდება ახლა, როდესაც „რეალში” სავარაუდოდ კილიან მბაპე გადავა. ადრე საკითხს ასე სვამდნენ: რა ეშველება ვინისიუსს როდესაც „სანტიაგო ბერნაბეუზე” მბაპე გადავა? ახლა პირიქით კითხულობენ: კი მაგრამ, როგორ უნდა ითამაშოს მბაპემ, როდესაც გუნდში ვინისიუსია?

საინტერესო თემების ძიებაში ევროპული გამოცემები მალიმალ წერენ, ვინ არის მოცემულ მომენტში „ოქროს ბურთის” ლაურეატობის მთავარი კანდიდატი. მიმდინარე წელს ხან მბაპეს ასახელებდნენ, ხან ჯუდ ბელინგემს, ჰარი კეინს, როდრიგოსაც კი. ახლა კი ნახეთ რა ხდება: მბაპე ჩემპიონთა ლიგიდან უსახელოდ გავარდა, კეინი ლიგიდანაც გავარდა და ვერც გერმანიის ჩემპიონი გახდა. ბელინგემი… ვინისუსის თანაგუნდელია, მაგრამ ბოლო ხანს ისეთ ფორმაში ვეღარ არის, თავიდან რომ იყო. ვინისიუსი კი დაფრინავს.

ვინი მართლაც კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. მას ყოველ 132 წუში გოლი გააქვს, ყოველ 86 წუთში კი რაიმე ფორმით იღებს გოლის გატანაში მონაწილეობას. თუმცა, მარტო ამ სტატისტიკის გამო მას „ოქროს ბურთს” არავინ მისცემს. მთავარი გადამწყვეტ შეხვედრებში გადამწყვეტი როლის თამაშია. აი, მაგალითად „ბაიერნთან” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალები განვიხილოთ: პირველ მატჩში ორი გოლი გაიტანა, მეორეში კი საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. იმ მონაკვეთებში, როდესაც „რეალი” სიმწვავეს ჰკარგავდა, ვინისიუსი არ ჩერდებოდა.

„რეალისა” და „ბაირნის” შეხვედრაში სტატისტიკოსებმა საინტერესო რამ დათვალეს: ვინისიუსი მეტოქის საჯარიმო მოედანში ბურთს 12-ჯერ შეეხო. მთელი „ბაიერნი” „რეალის” საჯარიმოში — თოთხმეტჯერ.

მიმდინარე სეზონში ვინისიუსმა 255 დრიბლინგი შეასრულა. ამ შედეგით ის ტოპ 5 ლიგაში მეორე ადგილზეა. პირველი პოზიცია „ვესტ ჰემის” მოჰამედ კუდუსს უჭირავს — 264. ვინი ძლიერი პიროვნებაა. იმის მიუხედავად, თუ როგორ დამთავრდა წინა მცდელობა, დაჟინებით მიიწევს მეტოქის მცველებისკენ.

„მე დედამიწის მეორე ბოლოდან, ბრაზილიიდან ჩამოვედი, სადაც ხალხი ნორმალურად არ ცხოვრობს. მე ოცნება ავისრულე, — თქვა ვინიმ „რეალის” ფინალში გასვლის შემდეგ. ხოლო ბრაზილიაში, სადაც ვარსკვლავის თქმით ხალხი ნორმალურად არ ცხოვრობს, დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ მათი ქვეყნის წარმომადგენელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო 2007 წლის მერე არ მოუგია. ბოლო კაკა იყო. 2023-24 წლების სეზონში ვინისიუსს აქვს შანსი.