მომავალი სეზონის წინ „ნაპოლი” თავისი ფეხბურთელების სიას აუცილებლად გადახედავს. „პარტენოპეელთა” რიგებში ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი. მენეჯერები და აგენტები უკვე მუშაობენ მოთამაშეთა მომავალზე. უმნიშვნელოვანესია მწვრთნელის საკითხიც.
როგორც areanapoli წერს, ხუთი ფეხბურთელის საქმე უკვე გადაწყვეტილია. დანამდვილებით მიდიან დიეგო დემე და პიოტრ ჟელინსკი, რომელთაც კონტრაქტის ვადა ეწურებათ; ლეანდერ დენდონკერი და ჰამედ ტრაორე, რომელთაც საიჯარო ხელშეკრულებას არ გაუგრძელებენ და ვიქტორ ოსიმენი, რომელიც სად გაიყიდება ჯერ ხალხმა არ იცის, მაგრამ რომ გაიყიდება, ფაქტია.
ნიგერიელის სანაცვლოდ „ნაპოლი” 130 მილიონ ევროს ითხოვს. როგორც ამბობენ, აქამდე მყიდველთა შორის ლიდერობდა „პარი სენ ჟერმენი”. დანარჩენი ფეხბურთელების საქმე კი ნეაპოლური ვებ-გვერდის აზრით ასეა:
მეკარეები: პიერლუიჯი გოლინი ნეაპოლში იჯარითაა, აურელიო დე ლაურენტისი კი მის გამოსყიდველს არ ჰგავს, ამიტომ, სავარაუდოდ, ის „ატალანტაში” დაბრუნდება. „აძური” მეორე მეკარედ, ალბათ, „ემპოლისგან” ელია კაპრილეს იყიდის. ალექს მერეტის ამბავი კი ჯერ გარკვეული არ არის და დიდი ალბათობით ახალ მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული.
მცველები: ამ რგოლში შეუცვლელები ამირ რაჰმანი და კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო არიან. ლეო ოსტიგორი და ჟუან ჟესუსი ალბათ დატოვებენ კლუბს. ნატანსა და პასკუალე მაცოკიზე ჯერ ვერავინ ვერაფერს ამბობს. მარიო რუიმ ახალი კონტრაქტი გასულ ზაფხულს გააფორმა. პორტუგალიელს წინ თანამშრომლობის ორი წელი აქვს. მატიას ოლივეირას საქმე კი მყიდველზე და სარფზე იქნება დამოკიდებული. ასეა თუ ისე, წესით დაცვაში სამი-ოთხი ცვლილება უნდა მოხდეს.
ნახევარმცველები: იენს კაიუსტე ნამდვილად რჩება. სტანისლავ ლობოტკას აუცილებლად გამოუჩნდებიან მყიდველები, თუმცა სლოვაკი გაიყიდება თუ არა, არავინ იცის. ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა თითქოს უფრო წასვლას აპირებს. რამენაირად გადასაწყვეტია დანიელი იენს ლინდსტრიომის საქმე. ის დიდი ხმაურით მიიყვანეს გუნდში, მერე კი აღარ გამოიყენეს.
თავდასხმა: ოსიმენის გარდა წამსვლელთა შორის იქნება დიეგო სიმეონე, რომელსაც მეტი თამაში სურს და ხელსაყრელი კლუბის ძიებაშია. ჯაკომო რასპადორისთან დაკავშირებით არაფერი იცვლება, მაგრამ შესაძლოა მასთან თანამშრომლობა ახალმა მწვრთნელმა არ ისურვოს. მატეო პოლიტანო და სირილ ნგონგე დიდი ალბათობით დარჩებიან. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, areanapoli მასზე უბრალოდ არაფერს წერს.