
მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძე დიდი ხანია ქართული სპორტის გულშემატკივარია. სარბიელის ტრადიციული გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელისა და ვეტერანისთვის პრიზებსაც ის და თემურ ლომიძე ამზადებენ. ამჯერად კი ლევან ვარდოსანიძეს სხვა მიზეზის გამო ვესტუმრეთ და ვესაუბრეთ. მან ხომ ქართულ ფეხბურთს და ჩვენს ეროვნულ გუნდს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა…– ეს ქანდაკება რამდენიმე წლის წინ მქონდა გამოძერწილი და როგორც კი გავიმარჯვეთ, მაშინვე დავიწყე მისი დამუშავება, მაქსიმალურად დავხვეწე, ფეხბურთელების წვივსაფარიც კი არ დამრჩენია შეუმჩნეველი. – გვითხრა ლევან ვარდოსანიძემ და განაგრძო, – ჩვენი ნაკრების ფორმის ფერები შევუხამე, გამოვიყენე წმინდა გიორგის სიმბოლოც, რომელიც ჩვენი გუნდის ლოგოზეა და სიმბოლურად, ტრადიციულ, კოპლებიან ბურთზე ევრო 2024 –ის დავატანე. ეს, პირველი გამარჯვება ხომ ისტორიაში ჩაიწერა. ქანდაკება, რომელიც მთლიანად ბრინჯაოშია ჩამოსხმული, 81 სანტიმეტრი სიმაღლისაა და მწვანე გრანიტის პოსტამენტზე დგას…საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაშიც ხშირად ბირთვი ქართული იყო. ჩემი ნამუშევარი სრულიად ქართულ ფეხბურთს ეძღვნება.
– ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ თქვენს ემოციებზეც გვითხარით…
– ამ მომენტის გააზრება რთულია. რამდენიმე დღე არ მჯეროდა. მეგობრებსაც, ისევე როგორც მთელ ქვეყანას, იგივე განცდა ჰქონდათ. 1981 წლის ემოციებიც მახსოვს, მაგრამ ეს სულ სხვა გრძნობა იყო, ეროვნული წარმატება. იმ პერიოდში თავს შეუძლოდ ვგრძნობდი, მაგრამ ექიმს ვკითხე, ერთი-ორი ჭიქა ღვინის დალევა ხომ შეიძლება, ეს დიდი გამარჯვება უნდა აღინიშნოს, მეთქი.
– როდის დაიწყეთ ფეხბურთის ყურება და ზოგადად, რას გვეტყვით საქართველოს ნაკრებზე?
– ინტერესი ბავშობიდანვე მქონდა, მამაჩემიც სპორტსმენი იყო. ფეხბურთი კი სპორტის ისეთი სახეობაა, რომელიც ბავშობიდანვე გიზიდავს. 90-იანები ყველაზე რთული პერიოდი იყო ნაკრების ისტორიაში, თუმცა მაშინ ეროვნული გუნდი პირველ ნაბიჯებს დგამდა, რაც აგერ, ახლა, ასეთი წარმატებით დაგვირგვინდა. ინდივიდუალურად მუდამ გვყავდა ძლიერი ფეხბურთელები მაგრამ ახლა გუნდმა, გუნდურად დაიწყო თამაში. ამ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით როგორც ფეხბურთელებს, ასევე ფეხბურთის ფედერაციას და იმ გულშემატკივრებსაც, რომლებიც წლების განმავლობაში გვერძე ედგნენ ქართულ ფეხბურთს. კარგი იქნება, თუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან დაიდგმება მონუმენტი, რომელიც მიეძღვნება სრულიად ქართულ ფეხბურთს.





