გასულ უქმეებზე საფრანგეთის კლუბებში მოასპარეზე ქართველმა მორაგბეებმა გაილაღეს. ჯამში 6 ქართული ლელო დაფიქსირდა – 3-3 ტოპ 14-სა და პრო დ2-ში.
ტოპ 14
„ლიონისა“ და „პოს“ შეხვედრაში ერთბაშად ორმა ბორჯღალოსანმა გამოიჩინა თავი. 32-ე წუთზე დავით ნინიაშვილმა სტუმართა დაცვა ცენტრიდან გაარღვია, ცხადია, ყველას გაექცა და თავის მე-16 სეზონურ მატჩში მე-8 ლელო გაიტანა, რომელიც მის 39-მატჩიან ფრანგულ კარიერაში ჯამურად მე-17 გახლდათ . ბასკთა შეტევა კი 70-წუთზე ბექა გორგაძემ დააგვირგვინა. ბორჯღალოსანმა 8 ნომერმა რაქიდან ბურთი აიტაცა და ლელოში იმდენად ელვისებურად შევარდა, დამცველებმა თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრეს. ეს იყო ბექას მეორე ლელო მიმდინარე სეზონის მე-10 მატჩში, სულ კი მის ანგარიშზე ტოპ 14-ის 69 მატჩი და 10 ლელოა. საკუთრივ მატჩი კი ლიონელებმა 28:20 მოიგეს.
ლიდერად კი, მარცხის მიუხედავად, „სტად ფრანსე“ დარჩა. პარიზელების კლერმონული სტუმრობა უნაყოფო გამოდგა – მასპინძლებმა ბონუსით, 41:18 მოიგეს. „სტად ფრანსეს“ რიგებში კი თავი გიორგი მელიქიძემ გამოიჩინა, რომელმაც თამაშის ბოლო შეტევაში „კლერმონი“ დაალელოვა. ეს იყო მელიქიძის პირველი ლელო ამ სეზონში გამართულ მე-8 მატჩში, მისი კარიერული მონაგარი კი ასეთი გახდა – 101 მატჩში 5 ლელო.
სატურნირო ცხრილში რეგულარული სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე დიდი სიმჭიდროვეა. მესამე-მეექვსე ადგილებზე „ქართული“ კლუბები 3-ქულიან ინტერვალში განლაგდნენ: „ბორდოს“ 58 ქულა აქვს, „რასინგ-92“-ს – 57, „ლა როშელს“ – 56, ხოლო „ტულონს“ – 55.
რაც შეეხება აუტსაიდერებს, აქ სიტუაცია უცვლელია – „მონპელიე“ 39 ქულით ბოლოსწინა, ქვედალიგელთან პლეი-ოფში გადამყვან ადგილზეა და წინ მყოფს 5 ქულით ჩამორჩება, ხოლო ფსკერზე „ოიონაქსი“ რჩება, რომელმაც კი მოიგო, მაგრამ მაინც მხოლოდ 30 ქულას მოუყარა თავი.
პრო დ2
გიორგი ჯავახია საოცარ ფორმაში შევიდა – ბორჯღალოსანი მეორეხაზელი მეორე მატჩია, მოედნიდან ლელოს გარეშე არ გადის, მაგრამ თუ ერთი კვირის წინ მან ერთხელ გამოიჩინა თავი, ამ ჯერზე დუბლი მიითვალა. „გრენობლმა“ „ბეზიეს“ უმასპინძლა და 34:19 იმარჯვა, ჯავახიამ კი მე-8 და მე-40 წუთებზე მნიშვნელოვანი ლელოები გაიტანა, რამაც მისი სეზონური მონაგარი 19 მატჩსა და 7 ლელოს გაუტოლა, ხოლო ჯამში მას პრო დ2-ში უკვე 107 მატჩი და 14 ლელო დაუგროვდა. „გრენობლს“ კი 74 ქულა აქვს, რაც მხოლოდ 2-ით ნაკლებია, ვიდრე მის მიერ ძლეულ მესამეადგილოსან „ბეზიეს“ დაუგროვდა.
ზედიზედ მეორე ტურში თავისი წილი ლელო „ორიაკის“ კვაჭმა ლუკა ნიორაძემაც გაიტანა. ბორჯღალოსანმა პირველხაზელმა 22-ე წუთზე დაალელოვა „ბრივი“, მაგრამ ლუკას გუნდი მაინც მწარედ დამარცხდა – 13:45. ეს იყო ნიორაძის მე-3 ლელო სეზონის მე-16 მატჩში, ხოლო ჯამურად კარიერაში ლუკას უკვე 82 მატჩი და 10 ლელო აქვს .
და ბოლოს, თედო აბჟანდაძის შესახებაც. ბორჯღალოსანმა მგეზავმა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარნილი „მონტობანის“ შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა, პირველ ტაიმში 2 ჯარიმა გაიტანა, მეორეში – 2 ლელო გარდასახა, 10 ქულას მოუყარა თავი, თუმცა მისი გუნდი კოლომიეში ოდენ ბონუს-ქულას გამორჩა 20:25. „მონტობანი“ ლიგის ბოლოსწინა ადგილზეა და გავარდნის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, არადა, რეგულარულის დასრულებამდე 2 ტურიღა დარჩა. თედოს მიმდინარე სეზონის 5 მატჩში 22 ქულა აქვს, პრო დ2-ში ჯამურად კი 17 შეხვედრაში 86 ქულა დაუგროვდა.