„ნაპოლიმ” სერია A-ს 34-ე ტურში „რომასთან” 2:2 ითამაშა და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა. ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 86 წუთი დაჰყო. როგორც მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ თქვა, ბოლო წუთებში ქართველი გარემარბი იმიტომ შეცვალა, რომ დაღლილი იყო და დაშავების საშიშროების წინაშე იდგა. კვარაცხელიას მოედნიდან გასვლისთვის ანგარიში იყო 2:1 „აძურის” სასარგებლოდ. კვარამ 84-ე წუთზე პენალტი მოიპოვა. თერთმეტმეტრიანი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა. ქვემოთ გთავაზობთ შეფასებებს, რომლებიც იტალიურმა საიტებმა ქართველ ფეხბურთელს დაუწერეს.
calciomercato — 6.5 ერთადერთი, რაც მას ამ შეხვედრაში დააკლდა გოლი იყო. ცრუმოძრაობები და საინტერესო იდეები მრავლად ჰქონდა. მან მოიპოვა პენალტი, რომლის წყალობითაც „ნაპოლი” დაწინაურდა – 2:1.
iamnaples — 5.5 დროგამოშვებით აენთებოდა ხოლმე. კარგი თამაში სრული დუმილის პერიოდებს ენაცვლებოდა და სწორედ ამით ჩამოუვარდება წლევანდელი კვარა გასული სეზონის სანახაობით სავსე საკუთარ თავს. ერთ ეპიზოდში ბედმა უმუხთლა, მაგრამ სერია A-ს MVP-გან ხალხი მაინც სულ სხვა რაღაცას ელის.
areanapoli — 7 (სიტყვიერი შეფასების გარეშე).
eurosport — 6.5 პენალტი მოიპოვა, მილე სვილარი არაერთხელ შეაწუხა, თანაგუნდელებს პასებს აწვდიდა. ერთადერთი რაც აკლდა გოლი იყო.
napolipiu — 7.5 ყოვლისმომცველი შოუ დადგა. თავისი თამაშითა და ცრუმოძრაობებით მეტოქის რიგებში ქაოსს ქმნიდა. სრულიად დამსახურებულად მოიპოვა პენალტი, რომელიც ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა.
tuttonapoli — 7 დიდებული მოქმედებები, პასები თანაგუნდელებს და ბურთის ფეხებს შორის გაძვრენები პირველ ტაიმში.
tuttomercatoweb — 6.5 ეპიზოდი, როდესაც კრისტანტეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა და პოლიტანოს ჩააწოდა, ნათელი დასტურია იმისა, რომ მისინაირი ნიჭით ბევრი არ არის დაჯილდოებული. სამწუხაროა, რომ ასეთ მომენტებს იშვიათად, დროგამოშვებით ქმნის. საბოლოოდ შეხვედრას დაღი მაინც დაასვა, პენალტი მოიპოვა, რომლითაც „ნაპოლი” დაწინაურდა – 2:1.
calcionapoli24 — 7 ედოარდო ბოვე ალალი დრიბლინგით რამდენჯერმე დასცა მოედანზე. მუშაობდა დაცვაში, შედიოდა შუაში, საიდანაც ცდილობდა კარში ისე დაერტყა, როგორც ეს 39-ე წუთზე გააკეთა. მილე სვილარი გაფრინდა გუნდი რომ გადაერჩინა. ძალიან აქტიურად რთავდა საქმეში თანაგუნდელებს. პენალტიც მოიპოვა.
napolimagazine — 6.5 დარტყმა მარჯვენა ფეხით, მუდამ ამწვავებდა, მოიპოვა პენალტი, რომელიც ოსიმენმა გაიტანა.
აქვე ილუსტრაციების სახით გთავაზობთ იმ საიტების შეფასებებს, რომლებიც სტატისტიკას ეყრდნობიან: flashscore და whoscored.