დღეს იტალიური, მეტადრე კი ნეაპოლური საიტები ახალმა ამბავმა მოიცვა: „ნაპოლის” კაპიტანს ჯოვანი დი ლორენცოსა და ბრაზილიელ მცველს ჟუან ჟესუსს ლამის ხელჩართული ჩხუბი გაუმართავთ. Campania Sport-ის გადაცემა Canale 21-ში გამოსვლის დროს ჟურნალისტმა უბერტო კიარელომ თქვა:
„ჟესუსი და დი ლორენცო კინაღამ ხელით შეეხენ ერთმანეთს. საქმე ის არის, რომ ორიოდ დღის წინ ანდრე-მარკ ზამბო ანგისა და ვიქტორ ოსიმენი მწვრთნელ ფრანჩესკო კალცონასთან შევიდნენ და ფეხბურთელების სასტუმროში გამოკეტვა გაუპროტესტეს. მათ პრეზიდენტ დე ლაურენტისის ნაბრძანები შეკრების გაუქმება ითხოვეს და ეს კაპიტნის ზურგსუკან, მის გაუფრთხილებლად გააკეთეს. ამ ამბავმა დი ლორენცო გააბრაზა. მან იგრძნო, რომ თავზე გადაახტნენ. ოსიმენმა კაპიტანს მოუბოდიშა, არ ვიცოდიო (ნეტავ რა არ იცოდა?), ხოლო პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ჟესუსმა უკან არ დაიხია, რასაც კონფლიქტი მოჰყვა”.