კვირას ავჭალაში დიდი სარაგბო ზეიმი იყო. ჯერ იყო და, თბილისის „არმია“ და ასპინძის „ტაო“ ერთმანეთს დიდი 10-ის საგზურისთვის დაუპირისპირდნენ, მერე კი ქართული სეზონის მთავარი მატჩის დროც დადგა – თბილისის „ლელო-სარასენსი“ ქუთაისის „აიას“ წინააღმდეგ.
ტაო – არმია 26:17
„არმია“ საკმაოდ ცნობილი და პოპულარული კლუბია. სხვა თუ არაფერი, ეს გუნდი ათიოდე წლის წინათ ქართული რაგბის ფლაგმანი იყო და ზედიზედ სამჯერ ქვეყნის ჩემპიონიც გამხდარა. თუმცა, 5 წლის წინ ელიტიდან დაქვეითდა და დაბრუნებას ჯერჯერობით მხოლოდ ლამობს.
აი, „ტაო“ კი რჩეულთა შორის ისტორიაში პიველად მოხვდა და დიდი 10-ის გეოგრაფიაც გააფართოვა. სახელოვანი ბურჯების ლევან ცაბაძისა და გიორგი მელიქიძის მშობლური ქალაქის გუნდმა დიდი ხნის ნატვრა აისრულა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცის, მალხაზ ჭეიშვილის ხელმძღვანელობითა და სახელოვანი ვეტერანი ბორჯღალოსნის, 41 წლის გოგა შკინინის წინამძღოლობით შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, პლეი-ოფიც დამაჯერებლად განვლო და ფინალში მშვენიერ ფორმაში მყოფი „არმიაც“ დაამარცხა.
არადა პირველი ტაიმი თბილისელთა შესამჩნევი უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებითაც დასრულდა – 17:5. მეორე ნახევრის დასაწყისი უკვე თანაბარი იყო, მერე კი ჯავახეთის გუნდი სრული ძალით ამუშავდა, ფიზიკური გამძლეობა გამოავლინა და მეორე 40-წუთეული მშრალი ანგარიშით – 21:0 მოიგო. ჯამში – 26:17, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ სეზონში „ტაოს“ დიდ-10-ში დებიუტი ექნება. „არმია“ კი დიდ 10-ში დაბრუნებას ოზურგეთის „არწივებთან“ ორმატჩიანი პლეი-ოფის გავლით შეეცდება. დიდ 10-ს კი თბილისის „აკადემია“ დატოვებს, რომელმაც სეზონი უქულოდ დაასრულა.
ლელო-სარასენსი – აია 3:19
„ლელოსაც“ და „აიასაც“ კვირის ფინალამდე საქართველოს ჩემპიონის ტიტული 4-4-ჯერ ჰქონდათ მოპოვებული, ანუ მომავალი ჩემპიონი 5-გზისა გახდებოდა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს სახელი „აიამ“ დაირქვა, რომელიც ტიტულების რაოდენობით მხოლოდ 6-გზის ჩემპიონ „ლოკომოტივს“ ჩამოუვარდება. არადა, თბილისურმა გუნდმა რეგულარული ჩემპიონატი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა, 18-დან 16 მატჩი მოიგო და პირველი ადგილი უახლოეს მდევარ „აიასთან“ 12-ქულიანი უპირატესობით მოიგო. თანაც ფინალი თბილისში იმართებოდა…
თუმცა, „აია“ მაინც ფავორიტად მიიჩნეოდა – ჯერ ერთი, „ლელოს“ 20-წლამდელთა ნაკრებში და „შავ ლომში“ ყველაზე მეტი მორაგბე ჰყავს დელეგირებული, თანაც, საყოველთაო აღიარებით, წლევანდელი „აია“ უფრო მაღალი დონის რაგბს სწორედ სეზონის მიწურულს დემონსტრირებდა. ჰოდა მოხდა კიდეც ისე, როგორც სპეციალისტები ვარაუდობდნენ – ფინალის მეორე ტაიმში „აია“ ახალი სიჩქარეები ჩართო, ლამაზი ლელო და არანაკლებ ეფექტური არეკნი გაიტანა, თავად არაფერი გაუშვა და 19:3 მოიგო. „აია“ ჩამპიონია!