საქართველოს ჩემპიონატის რეგიონულ ლიგაში ხვალ დიდი დღეა. ფინალში ერთმანეთს თბილისის „წიქარა“ და „რუსთავი“ ითამაშებენ. გამარჯვებული თავის ისტორიაში პირველად მიიღებს პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლებას.

ორივე გუნდმა აქამდე საკმაოდ გრძელი გზა გაიარა. „წიქარამ“ რეგულარულ გათამაშებაში აღმოსავლეთ ზონაში ყველა თამაში მოიგო. თბილისური გუნდის მიერ ძლეულთა შორისაა „რუსთავიც“, რომელსაც „წიქარამ“ორივე თამაში მოუგო.

პლეი-ოფში  „წიქარამ“ ბათუმის “მეკობრეებს“ ორივე მატჩში იოლად სძლია: 104:7 და 73:0. „რუსთავს“ კი, მძიმე ბრძოლები გადახდა. პირველი თამაში შინ წააგო „სამტრედიასთან“ – 28:30. სტუმრად კი, სრული რევანში აიღო – 28:15.

თუმცა, ეს უკვე წასული ამბავია. უკვე ისტორიაა. ფინალში ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება. ვინც მოიგებს ის გამარჯვებულია და პირველ ლიგაშიც ის ითამაშებს, ხოლო დამარცხებული სანუგეშო შანსს მიიღებს და ქუთაისის „ბაგრატს“ გადასასვლელ პლეი-ოფში შეერკინება.

შეხვედრა გორის სარაგბო სტადიონზე გაიმართება. გუნდებმა კაპიტნის ვარჯიში გამართეს და მერე ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხეს.

პაატა რიკაძე, „წიქარას“ მთავარი მწვრთნელი

„სეზონის წინ ბევრი ახალი მორაგბე მოვიწვიეთ. წლის განმავლობაში ვეცადეთ მათი შეთამაშება, ურთიერთგაგება გაგვეუმჯობესებინა. თამაშებს ძირითადად ვიყენებდით შეტევითი ტაქტიკის დასამუშავებლად. პლეი-ოფის თამაშები ადვილად მოვიგეთ, მაგრამ საფინალოდ ეს არაფერს ნიშნავს. ფინალი სულ სხვაა და მისთვის მზად ვართ, მოსაგებად გავალათ.

„რუსთავმა“ ნახევარფინალში ძლიერ მეტოქესთან ითამაშა. უქმად არც ჩვენ ვიყავით. საკმაოდ სერიოზული სამუშაო გავწიეთ, რათა სათამაშო შემადგენლობა ოპტიმალური ყოფილიყო.“

ფრიდონ ვეშაგური, „წიქარას“ კაპიტანი

„ფინალისთვის კარგად მოვემზადეთ. ნახევარფინალმა უტრავმოდ ჩაიარა და მოგვეცა საშუალება უფრო კარგად დაგვეგეგმა საწვრთნელი პროცესი. „რუსთავს“ სეზონის მიმდინარეობისას ორივე თამაში მოვუგეთ. თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. ახლა, მოგება ორმაგად უფრო მძიმე იქნება, ვეცდებით გარკვეულ კომპონენტებში ჩვენი უპირატესობა გამოვიყენოთ, მეტოქეზე დომინაცია მოვიპოვოთ და, მჯერა, მოვიგებთ“.

გია ჯიქია, „წიქარას“ საპატიო პრეზიდენტი

„ჩვენი კლუბი დაარსებიდან მე-14 წელიწადს ითვლის. ნიკო წიქარიძის მიერ 2010 წელს დაწყებული საქმე დღეს მოსავალს იმკის. კლუბმა არსებობა ბავშვთა გუნდით დაიწყო, დღეს კი „წიქარას“ ქოლგის ქვეშ, უმცროსი ასაკიდან დაწყებული „წიქარას“ პირველი გუნდით დამთავრებული 150 აქტიური სპორტსმენი გვყავს. მთელ ამ ხალხს რაგბის და ქვეყნის სიყვარული აკავშირებს – ბავშვებსაც, პროფესიონალებსაც და კლუბის მესვეურებსაც. ხოდა ამ წლებმა, დაუღალავმა შრომამ, უამრავი დაბრკოების, სირთულისა და გაჭირვების მიუხედავად, „წიქარა“ დღეს ყოველმხრივ მზადაა ახალ დონეზე გასასვლელად“.

ბექა აქუბარდია, „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:

„ჩვენი გუნდი მაქსიმალურადაა დაკომპლექტებული პროფესიონალი მორაგბეებით. „რუსთავი“ სამი წელია არსებობს და სამივე წელიწადს სულ იმისთვის ვიბრძვით, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ, რათა პირველ ლიგაში გადავბარგდეთ. წლეულსაც, მიზანი იგივეა და მივაღწიეთ იმას, რომ ფინალში ვართ. ფსიქოლოგიურად გუნდი მზადაა ფინალის მოსაგებად“.