„ემპოლისთან” 0:1 მარცხის შემდეგ პორტალ calcionapoli24-ზე გამოქვეყნდა სალვიო პასანტეს წერილი, რომელშიც ავტორი საინტერესოდ მიმოიხილავს „ნაპოლის” მდგომარეობას, აურელიო დე ლაურენტისის მიერ ფულის დაზოგვის გამო დაშვებულ უხეშ შეცდომებს და სხვა საკითხებს, თუმცა ჩვენ ამ წერილს სხვა მიზეზით მივაქციეთ ყურადღება. ჩვენ მისმა შესავალმა დაგვაინტერესა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:
„გაყარეთ ნაპოლიდან ყველა!
ჩვენ ეთიკური მოსაზრებების გამო უხეშ გამოთქმებს არ მივმართავთ და შეურაცხყოფას არავის ვაყენებთ. როგორც პროფესიონალ ჟურნალისტებს თავშეკავების ვალდებულება გვაქვს და პირვონულად ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ ფეხბურთელების ამ ჯგუფმა მომდინარე სეზონსა და ამ კონკრეტულ შეხვედრაში რაღაც აშკარად არ გააკეთა.
ის მოთამაშეები, რომელთაც შარშან ისტორია დაწერეს, მაშინდელ ზღაპარზე მეტად ამ სკანდალური წლით დაამახსოვრდებათ. რა სამწუხარო შესავალი გამოგვივიდა. „ნაპოლი” ამას არ იმსახურებს. გულშემატკივრები, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში, ჩემპიონატისა და სხვადასხვა თასის შეხვედრებში „მარადონას” ტრიბუნებს ავსებდნენ და გუნდს სტუმრად დაჰყვებოდნენ, ასეთ რამეს არ იმსახურებენ.
ამ ჯგუფიდან მხოლოდ სამი ფიგურა უნდა დარჩეს: ორი იმიტომ, რომ მათთვის „ნაპოლის” მაისურა და ქალაქი ნეაპოლი უბრალოდ მშობლიურია. ესენი არიან ტომაზო სტარაჩე და პასკუალე მაცოკი. ისინი უნდა დარჩნენ, რადგან გუნდი უპირველეს ყოვლისა დადებითი ენერგიით იგებს, იმარჯვებს იმ ხალხის წყალობით, ვინც თავს სტუმრად არ გრძნობს. მესამე კი გახლავთ ხვიჩა კვარაცხელია, რადგან მომავლის გუნდი მის გარშემო უნდა აშენდეს. გვეყოფა კონტრაქტის განახლების გაჯანჯლება და ფინტები, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ფული დავზოგოთ. ორი წლის წინ დადებული ხელშეკრულება თავს მშვიდად ვერ გვაგრძნობინებს. ძლიერი ფეხბურთელები უნდა დავიცვათ და წავახალისოთ. მათზე ფულის დაზოგვა მომგებიანი ვერ იქნება”.

![დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]…](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2025/12/Khvicha-Kvaratskhelia-1-218x150.jpg)



