ინგლისიდან მსოფლიოს ასეთი ცნობა მოედო: ლონდონიდან 75 კილომეტრით დაშორებულ საპორტო ქალაქ პორტსმუთში, მოედანზე ათასობით გულშემატკივარი გადავიდა. ისინი მათი ქალაქის გუნდის… პირველი ლიგიდან ჩემპიონშიფში დაბრუნებას ზეიმობდნენ. პორტსმუთელები ასეთ მაღალ საფეხურზე 12 წელიწადია აღარ ყოფილან.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონშიფი ინგლისური ფეხბურთის იერარქიაში პრემიერლიგის შემდგომი საფეხურია. სხვა სიტყვებით, მასობრივი სახალხო ზეიმი მოჰყვა იმ ფაქტს, რომ 208 ათასიანი ქალაქის გუნდი მესამე ლიგიდან მეორეში აღზევდა. სავარაუდოდ სწორედ ეს არის ქვეყნის ბედნიერების მანიშნებელი — ასეთივე ზეიმი შესაძლოა გამართულიყო ინგლისის ნებისმიერ სხვა ქალაქში და ამისათვის მაინცდამაინც დიდი სანაკრებო გამარჯვება ან უმაღლესი რანგის შეჯიბრების მოგება არ იქნებოდა აუცილებელი. ეს არის ქვეყანა, რომელიც ყველა ქალაქსა და ყველა დონეზე ფეხბურთით ცხოვრობს.
„პორტსმუთმა” წარმატებას „ბარნსლის” 3:2 ძლევით მიაღწია. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ გამარჯვებული გუნდის მწვრთნელმა 37 წლის პორტუგალიური წარმოშობის ინგლისელმა ჯონ მოუსინიომ პროფესიაში ფეხის შედგმიდან 15 თვეში პირველ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია.
გაისმა თუ არა საფინალო სასტვენი გულშემატკივრები 20 ათასიანი „ფრატონ პარკის” მოედანზე გადაეშვნენ. დიდი ნაწილი ტრიბუნაზეც დარჩა და მღერა განაგრძო.
შეხვედრა დრამატული გამოდგა, რაც საოცრად უხდება მნიშვნელოვან გამარჯვებებს: პორტსმუთელები 83-ე წუთამდე 1:2-ს აგებდნენ, ბოლო შვიდ წუთში კი ორი გოლი შეაგდეს და ნანატრ წარმატებას მიაღწიეს.
შეგახსენებთ, რომ „პორტსმუთი” 2008 წლის ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელია.