04/15/24 FIRST DIVISION MATCH OSASUNA - VALENCIA PENALTY MISSED AGAINST BUDIMIR TRISTEZAჩვენთვის, ქართველი გულშემატკივრისთვის „ოსასუნასა” და „ვალენსიას” შესხვედრა უპირველეს ყოვლისა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ „ღამურებს” ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა უკაპიტნა. ესპანეთში ტრადიციაა: კაპიტნის სამკლაურს ის ფეხბურთელი იკეთებს, რომელსაც ამ კონკრეტულ გუნდში ყველაზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული. წარმოიდგინეთ, რა სტაბილური და მაღალი დონის მოთამაშე უნდა იყოს 23 წლის ბიჭი, რომ თამაშზე გაუძღვეს ისეთ გუნდს, როგორიც „ვალენსიაა”. პამპლონაში „ღამურებს” ტრავმების გამო არ ჰყავდათ ხოსე ლუის გაია და მუკტარ დიაკაბი, ხოლო ჯაუმე დომენეკი, ტიერი რენდალი და უგო გილამონი სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ.

და კიდევ, გიორგიმ მიმდინარე სეზონში უკვე მეთორმეტედ შეინახა კარი „მშრალად”.

დანარჩენი მსოფლიოსთვის კი ეს შეხვედრა უპირველეს ყოვლისა „ოსასუნას” ხორვატი თავდამსხმელის, 32 წლის ანტე ბუდიმირის შეცდომით გახდა მნიშვნელოვანი. საქმე ის არის, რომ 90+7 წუთზე მასპინძლებმა VAR-ის შემწეობით პენალტი მოიპოვეს და ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა მიეცათ. თერთმეტმეტრიანის დარტყმა ბუდიმირმა იკისრა, რომელზეც AS წერს, რომ ის გოლების აღიარებული მანქანაა, მაგრამ პამპლონელთა რობოტიც ადამიანი გამოდგა. რის გაკეთება უნდოდა ბუდიმირს? ვითომ პანენკას დარტყმა? ეს ჯერჯერობით არავინ იცის, მაგრამ პენალტი კურიოზული რომ გამოვიდა, ფაქტია. „მარკა” ამბობს, რომ ასე უცნაურად გაფუჭებული პენალტი ბოლო წლებში არავის უნახავს. ამ ეპიზოდის ჩანაწერმა უკვე მოიარა მთელი მსოფლიო.

თუმცა, მომხდარზე ხსენებულ „მარკას” თავისი შეხედულება აქვს. გავლენიანი მადრიდული გაზეთი წერს: „ბუდიმირმა ბურთი მოითხოვა და თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მივიდა. შემდეგ, როდესაც პარადინიას (ესპანურად პენალტის დარტყმის წინ პაუზას ნიშნავს) შესრულებას შეუდგა, მან საკუთარი თავი დაბლოკა. მამარდაშვილი ისეთი მოთმინებით ელოდა ხორვატის მოქმედებას, რომ ჩანდა — ბუდიმირის პენალტის სტილი შესწავლილი ჰქონდა. ამის გამო თავდამსხმელმა ბოლოწამს დარტყმის შეცვლა გადაწყვიტა და კინაღამ მიწაზე დაეცა. მისი დარტმული მდენად უღონო იყო, რომ ქართველმა უპრობლემოდ დაიჭირა. უცნაური რაღაც მოხდა”.

„ოსასუნას” მწვრთნელმა იაგობა არასატემ მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე თქვა: „ბუდიმირმა უკვე სამჯერ მომიხადა ბოდიში. მას კუთხეში უნდოდა დარტყმა, მერე გადათქვა, მაგრამ უკვე გვიან იყო. ჩვენ მას ვერაფერს ვუსაყვედურებთ, უნდა გავამხნევოთ. ანტეს ჩვენთვის ძალიან ბევრი სიხარული მოუნიჭებია”.

31 ტურის შემდეგ „ვალენსია” 47 ქულით მე-7 ადგილზეა.