იმ დღეს, რაღაც ვიდეო შემომეყურა ანაზდად. ერთი, გაშტუკატურკებულ-შეღებილ-გაკრახმალებული დიაცი ამბობდა, სამშობლო რა არის არ მესმის, გამოგონილი მცნებააო. შემეცოდა. გულწრფელად. არადა, საკუთარი ფასადით, თვალსაც კი მოსტაცებდა მავან მაჭარივით მოთუხთუხე ყმაწვილკაცს. აფსუს. საინტერესოა, დედაშვილობა კი იცის რა არის? მეეჭვება. დედაშვილობა რა არის თუ იცი, შეუძლებელია არ გესმოდეს რა არის სამშობლო!
აი, ამ 60 000 მაყურებელმა იცის რა არის სამშობლო. დანარჩენმა 3 940 000 ჩემმა თანამემამულემაც იცის რა არის სამშობლო. ფეხბურთი ერთხელაც რომ არ გიყურებია, მაგრამ შენი ნაკრების გამარჯვება უდიდეს ბედნიერებას განიჭებს მაინც, ეგ ფეხბურთის სიყვარული კი არ არის, ეგ არის სამშობლო.
სტადიონზე პირველად რომ მიხვედი და მეორედ როდის მოხვდები თავადაც არ იცი, მაგრამ ხმის ჩახლეჩამდე გაჰკივი საკუთარ ჰიმნს და გულის წასვლამდე განიცდი მინდორზე მებრძოლი იმ ბიჭების ყოველ ტკივილს, რომლებზეც გითხრეს „ჩვენები აი ესენი არიანო“, ეგ არის სამშობლო.
სასწრაფო დახმარების ექიმი პაციენტს რომ მოასულიერებს და ავტომობილთან დაბრუნებული, ჩაჯდომამდე გასძახებს მძღოლს რა ანგარიშიაო, ეგ არის სამშობლო.
სინამდვილეში, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ფეხბურთი იქნება, ჭიდაობა თუ მევიოლინეთა კონკურსი. უბრალოდ, შენი გორის ზეობა გახარებს და ეგ არის სამშობლო.
„დაისის“ პირველივე ნოტების გაგონებაზე სისხლი რომ აგიჩქარდება და გული ყელში დაიწყებს ძგერას, ეგ არის სამშობლო.
ცოდოა ვისაც ყოველივე ეს არ გამოუცდია, აბა რა არის.
და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რა ზმანზე ხარ, მილანიდან ჩამოტანილი ექსკლუზიური შმოტკა გაცვია თუ ამხანაგის ნაჩუქარი უბრალო ჯინსები.
პლასტმასის მანეკენსა და ხორციელ ადამიანს, სულ სხვა რამეები განასხვავებს!!!





