Robert Lewandowski of FC Barcelona in action over Ginaluigi Donnarumma of Paris Saint-Germain during the UEFA Champions League quarter-final first...ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „ბარსელონამ” სტუმრად დაამარცხა „პარი სენ ჟერმენი” – 3:2. პარიზელთა წაგება დიდწილად იტალიელ მეკარეს ჯანლუიჯი დონარუმას დაბრალდა. ფრანგულმა გაზეთებმა გოლკიპერის თამაში კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს და ძალიან დაბალი ქულები დაუწერეს: „ლე პარიზიენმა” — 3.5, ხოლო „ეკიპმა” — 3.

„ლე პარიზიენი” წერს: „ის მეტოქის სამივე გოლში დამნაშავე იყო. პირველად 37-ე წუთზე იამალის ჩაწოდებული ხეირიანად ვერ მოიგერია, შემდეგ კი, 62-ე წუთზე, ფეხით დაუშვა შეცდომა, როდესაც ბურთი ესპანელებს დაუბრუნა. დონარუმას მესამე გოლის დროსაც უკეთ თამაში მართებდა. კუთხურის დროს ის კარის ხაზზე დარჩა”.

იტალიურმა პორტალმა Il Napolista-მ კი დაწერა, რომ „სკუადრა აძურას” კარის მცველმა ჩემპიონთა ლიგის მორიგი თამაში ჩააგდო: „ბარსელონამ” „პარკ დე პრენსზე” 3:2 გაიმარჯვა, რისთვისაც პარიზელთა მწვრთნელს ლუის ენრიკეს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა დონარუმას უნდა ემადლიერებოდეს. დონარუმა გუნდის მიერ გაშვებულ სამივე გოლში დამნაშავე იყო. ეს გახლდათ ფიასკო. „ეკიპმა” ლუჩანო სპალეტის პირველი ნომერი დაუნდობელი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. ვნახოთ რას იტყვიან იტალიაში”.

შემდეგ Il Napolista-მ დონარუმას თამაში ეროვნული თავმოყვარეობის კუთხით განიხილა. ის წერს, რომ Amazon-ზე კომენტატორებად იტალიელები ამბროზინი და პიჩინინი ისხდნენ, რომელთაც სიმართლის სათქმელად ენა აშკარად არ უტრიალდებოდათ. ამბროზინის, მაგალითად, ტელე-გამეორებამდე უთქვამს დონარუმამ კარგად ითამაშა, მას გამბედაობა ეყო კარიდან რომ გამოვიდაო, გამეორების შემდეგ კი ფაქტის წინაშე დამდგარს თავისი სიტყვები ასე გადაუკეთებია, დონარუმამ რისკი თავის თავზე აიღოო.

რეალობა კი ის იყო, რომ იტალიელმა გოლკიპერმა ცუდად ითამაშა. გოლები მისი შეცდომების გამო გავიდა და Il Napolista-ს გაახსენდა აწ გარდაცვლილი აგენტი მინო რაიოლა, რომელმაც 2021 წელს შედევრალური ტრანსფერი განახორციელა: ჯანლუიჯი 12 მილიონ ევროდ „პარი სენ ჟერმენს” მიჰყიდა. ამას მოხერხება უნდოდა, რაიოლას ძეგლი ეკუთვნისო, წეტს პორტალი. კიდევ Il Napolista ამბობს, რომ დონარუმას სინდისზეა პარიზელთა ორი წლის წინანდელი მარცხიც, როდესაც „სანტიაგო ბერნაბეუზე” მას ქარიმ ბენზემამ ბურთი მოჰპარა, გოლი გაუტანა და დაიწყო „რეალის” შთამბეჭდავი „შემობრუნება”  (პსჟ-ს პირველი შეხვედრა შინ 1:0 ჰქონდა მოგებული) რომელიც კარლო ანჩელოტის გუნდის 3:1 გამარჯვებითა და საბოლოოდ თასის მოპოვებით დამთავრდა.

თუმცა, Il Napolista „პარი სენ ჟერმენის” წაგებას ჯანლუიჯი დონარუმას გარდა მწვრთნელ ლუის ენრიკესაც აბრალებს. ის წერს, რომ ესპანელმა მწვრთნელმა მატჩის წინ ზედმეტი აჟიოტაჟი ატეხა, შემდეგ კი შემადგენლობა არასწორად დააყენა.