
ლიცენზიის მოსაპოვებლად აუცილებელი იყო ფინალში გასვლა, რაც ქართველმა ფალავანმა წარმატებით შეძლო. ძებისაშვილი, რომელსაც ნაკრებში დებიუტი წლეულს ჰქონდა, პარიზის საგზურისთვის ბრძოლას საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეუდგა. ჩვენებურმა ჯერ შვეიცარიელი ნინო ლაუტერტი 4:1 დაამარცხა; შემდეგ უკრაინელთა ევროპის ორგზის მესამე პრიზიორ ერიკ არუშანიანთან 0:2 აგებდა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე ოთხი წამით ზურგიდან მოვლით მისი ჩოქბჯენში ჩაყვანა მოახერხა და ანგარიში გათანაბრა და ბოლო ქულის დამსახურებით ნახევარფინალში გავიდა, სადაც მოლდოველ მაქსიმ საკულტანს 2:1 აჯობა და პარიზული საგზურიც მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ბაქოს ტურნირამდე ორი ლიცენზია უკვე ჰქონდა მოპოვებული – გივი მაჭარაშვილსა (97) და გენო პეტრიაშვილს (125). საქართველოს ნაკრებს დარჩენილ სამ წონაში (57, 74, 86) ლიცენზიების მოპოვების ბოლო შანსი სტამბოლის მსოფლიო საკვალიფიკაციო ტურნირზე (9-12 მაისი) ექნება. აქვე შეგახსენებთ, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავე სამი ქართველის გარდა ოლიმპიური ლიცენზიები მოპოვებული აქვთ ნინო სალუქვაძეს (ტყვიის სროლა), ლაშა გურულს (კრივი), რობერტ კობლიაშვილს (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ლუბა გოლოვინას (ბატუტზე ხტომა) და სანდრო ბაზაძეს (ფარიკაობა).