Monza-Napoli: Stop this refereeing massacre„ნაპოლიმ” „მონცას” სტუმრად 4:2 მოუგო, მაგრამ ნეაპოლში მსაჯობით მაინც უკმაყოფილონი დარჩნენ. რეგიონული საიტები დანიელე დოვერის გადაწყვეტილებებს სკანდალურს უწოდებენ. საიტი napolipiu, რომელიც მსაჯის კრიტიკის საქმეში მარტო არ არის წერს, რომ დოვერიმ ნგონგე პირველივე ჯარიმისთვის გააფრთხილა, მაშინ, როდესაც მონცელებს გალიარდინის, ჯურიჩსა და ძერბინს ასეთივე დანაშაულები აპატია. მთავარი ეპიზოდი კი 34-ე წუთზე იყო, როდესაც პორტალის აზრით არბიტრმა „ნაპოლის” სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნა.

ეს გახლდათ მომენტი, რომელშიც „მონცას” ფეხბურთელი ძერბინი და ნეაპოლელი ნგონგე მონაწილეობდნენ. napolipiu-ს აზრით „აძურის” ყოფილმა ფეხბურთელმა ძერბინმა მეტოქე გუნდის თავდამსხმელი აშკარად წააქცია, მსაჯმა კი თვალი დახუჭა. მან არც სტუმართა სკამის პროტესტს მიაქცია ყურადღება. ნეაპოლური საიტის აზრით წესის დარღვევა აშკარა იყო, მაგრამ არც VAR-ის თავკაცმა როსარიო აბისომ შეიწუხა თავი თამაშის შეჩერებითა და მომენტის შემოწმებით.

napolipiu დარწმუნებულია, რომ პირველ ტაიმში არბიტრი სტუმრების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებდა. თვალშისაცემი იყო დოვერის უსამართლო პოზიცია კუთხურების დროს, როდესაც „მონცას” ფეხბურთელთა მუჯლუგუნები და მაისურის ქაჩვები შეუმჩნეველი რჩებოდა. „ეს იყო მასპინძელთა სამარცხვინო მხარდაჭერა და ცალმხრივი მსაჯობა”, — წერს პორტალი და განაგრძობს, რომ ასეთი მიკერძოებით არბიტრმა ვითარება სტუმარი გუნდის სათადარიგოთა სკამსა და ტრიბუნაზეც დაძაბა.