Amir Rrahmani and Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli look dejected after the team's defeat in the Serie A TIM match between Torino FC and SSC Napoli...იტალიურ კლუბებს შორის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტად „ნაპოლი” გაუფასურდა. ევროპაში მასზე ცუდ დღეში მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედია”. მონაცემები Transfermarkt-მა გამოაქვეყნა.

„ნაპოლის” ფეხბურთელების ჯამური ფასი 578 მილიონიდან 513 მილიონ ევრომდე შემცირდა: მინუს 65 მილიონი დოლარი 11,2 პროცენტიან კლებას უდრის. პორტალი ilnapolista წერს, რომ რეალურად საქმე კიდევ უფრო ცუდადაა, რადგან მალე კლუბს უსასყიდლოდ დატოვებენ 25 მილიონად შეფასებული პიოტრ ჟელინსკი, 18 მილიონად შეფასებული ჰამედ ტრაორე (რომელიც ნეაპოლში იჯარითაა და კლუბი მის გამოსყიდვას არ აპირებს) და 9 მილიონად დაფასებული ლეანდერ დენდოკერი, რომელიც სეზონის ბოლოს ტრაორეს მსგავსად დატოვებს იტალიას. ამათ უნდა მივათვალოთ დიეგო დემეც, რომელიც ძვირი არ ღირს, მაგრამ კონტრაქტის ვადა ეწურება. ერთი სიტყვით, Transfermarkt-ის მიერ ნათქვამ 65 მილიონს კიდევ სულ მცირე 53 მილიონი უნდა დავამატოთ და ჯამში მივიღებთ 118 მილიონიან დანაკარგს. ანუ, რამდენიმე კვირაში „ნაპოლის” ფეხბურთელთა ჯამური ფასი 460 მილიონ ევრომდე, 20 პროცენტით შემცირდება.

კლუბს სავარაუდოდ დაუბრუნდებიან მაიკლ ფოლორუნშო და ჯანლუკა გაეტანო, მაგრამ მათი ფასი ძალიან მცირეა — 6 და 5 მილიონ ევროს უდრის. და კიდევ, ამ ეტაპზე ilnapolista არ იძიებს, თუ რა პრინციპის მიხედვით დაუტოვეს იესპერ ლინდსტრომის იგივე ფასი წარუმატებელი სეზონის წინ რომ ჰქონდა — 25 მილიონი. პასკუალე მაცოკიც ისევ 4 მილიონი ღირს, სტანისლავ ლობოტკასა და ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას 30 მილიონი აწერიათ, ამირ რაჰმანის] კი 20 მილიონი ღირს.

„ნაპოლის” ყველაზე ძვირი ფეხბურთელები რასაკვირველია ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია არიან. ნიგერიელის ფასი 110, ხოლო ქართვლისა 80 მილიონი ევროა. ამ ორიდან ოსიმენის წასვლის საქმე გადაწყვეტილია.

გაიაფებულ იტალიურ კლუბებს შორის მეორე ადგილზეა „ლაციო”, რომლის ფასიც 285-დან 228 მილიონამდე შემცირდა, ხოლო „რომა” 382 მილიონიდან 328 მილიონამდე დაემცრო. ცუდ დღეშია „ემპოლი”, რომლის მოთამაშეთა კოლექტიური ფასი 92 მილიონიდან 69 მილიონამდე შემცირდა და ეს გაღარიბებულთა საერთაშორისო სიაში შორის მეოცე ადგილზე ყოფნას ნიშნავს.

ზემოთ „მანჩესტერ იუნაიტედი” ვახსენეთ (შემცირდა 882-დან 734-მდე), რომელსაც მოსდევენ „ნაპოლი” და ორი რომაული კლუბი, შემდეგ კი მოდის „გალათასარაი” (245-დან 193-მდე), „ალ ნასრი” (196-დან 144-მდე), „უნიონ ბერლინი” (193-დან 145-მდე), „საუთჰემპტონი” (235-დან 190-მდე), „ლესტერ სიტი” (252-დან 211-მდე) და „ოსასუნა” (137-დან 99-მდე).