იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, RAI-ს ჟურნალისტი ჩირო ვენერატო „ნაპოლის” მომავალ მწვრთნელზე ლაპარაკისას ასე ამბობს:
„მასიმილიანო ალეგრისთან დაკავშირებით რაც გინდა მოხდეს, „იუვენტუსი” ანტონიო კონტეს სამსახურს არ შესთავაზებს. ამრიგად, იტალიურ კლუბებს შორის მასთან ყველაზე ახლოს არის „ნაპოლი”. აურელიო დე ლაურენტისთან დიალოგი წუთითაც არ შეწყვეტილა. ზამთარში ნათქვამი კატეგორიული არას მერეც კი.
კონტე ტოპ-მწვრთნელია. მას კვლავ ახალი გუნდის აშენება სურს, მაგრამ ამის გაკეთებას თავისი შეხედულებებისა და გემოვნების მიხედვით აპირებს, „ნაპოლი” კი მკაფიო გარანტიას ვერ იძლევა. დე ლაურენტისმა კარგად გაიგო კონტეს მოთხოვნა: ტექნიკურ საკითხებსა და გასახდელის მართვაში სრული კარტ ბლანში. სწორედ ასე ითქვა მაშინ, როდესაც ეს ორი კაცი პირისპირ შეხვდა ერთმანეთს. რაც შეეხება სატრანსფერო ბაზარს, ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში სულ რომ ვერ გავიდეს, ბოლო წლებში მიღწეული წარმატებები „ნაპოლის” თამამად ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს.
კონტეს ნეაპოლში დიდ ხალფასს დაუნიშნავენ. ის საბოლოო პასუხს მაისში იტყვის. სალენტოელი მწვრთნელი (ტერიტორია, რომელიც რუკაზე იტალიური ჩექმის ქუსლს მოიცავს) „ნაპოლის” ხელმეორე შეთავაზებით დაინტერესებული ჩანს. მართალია, მას კბილი „ბაიერნმა” და „მანჩესტერ იუნაიტედმაც” მოუსინჯეს, მაგრამ ეს ორი კლუბი სხვა კანდიდატებსაც განიხილავს. „რომადან” და „მილანიდან” კი არაფერი ისმის და საუდის არაბეთის ვარიანტი თითიდან არის გამოწოვილი”.