გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების გმირია, მან თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდი ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, მაგრამ ამ შეხვედრაში გადამწყვეტი როლი ვალენსიაში მცხოვრებმა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ითამაშა. „ლევანტეს” წევრმა საბერძნეთთან 0:0 დასრულებული შეხვედრის შემდეგ პენალტების სერიაში პირველი დარტყმა შეასრულა და ეს დარტყმა ქართულ საფეხბურთო მეხსიერებას სამუდამოდ შემორჩება. ქოჩო ორივე შეხვედრაში, ნახევარფინალსა და ფინალში, სასტარტო შემადგენლობაში იყო ანუ ნაკრების მწვრთნელის ვილი სანიოლის მოთხოვნებს სრულიად შეესაბამება. ფინალში მან მოედანზე 120 წუთი დაჰყო და სიუდად დეპორტივა დე ბუნიოლში ამ წუთებით ფეხებდამძიმებული დაბრუნდა.
ხუთშაბათს „ლევანტეს” მწვრთნელმა ფელიპე მინიამბესმა თქვა, რომ მართალია მისმა ექვსმა ნომერმა სანაკრებო პაუზის გამო „ელჩესთან” შეხვედრა გამოტოვა, მაგრამ ერთ ჯერზე თამაშნახევარი ირბინა და პრაქტიკა არ მოკლებია. ქოჩო ვალენსიაში მხრებში გაშლილი დაბრუნდა. „წარმოუდგენელი რამ იყო. მთელი ქვეყანა ამას ელოდა. დავინახეთ, რომ ხალხს დიდი სიხარული მოვგვარეთ”, — უთხრა ფეხბურთელმა „ლევანტეს” ოფიციალურ მედიას. პირველ დღეს მან დარბაზში ივარჯიშა. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა გიორგის ერთ-ერთი ოცნება იყო. ახლა მან თითქოს დიდი პასუხისმგებლობა მოიხსნა მხრებიდან. „ეს შეხვედრა გონებაში სამჯერ თუ ოთხჯერ მქონდა ნათამაშევი და ვიცოდი, თუკი საქმე პენალტებამდე მივიდოდა, ერთს მე დავარტყამდი”, — თქვა ნახევარმცველმა, რომელმაც მოვალეობა პირწმინდად შეასრულა.
თუმცა, ახლა ქართველი „ლევანტეზეა” გადართული: „დღეს, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ, ისევ აქ ვარ, მობილიზებული და ჩემთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი „ლევანტეა”, — ამბობს ფეხბურთელი, რომელიც თითქოს არაფერი მომხდარაო, პარასკევს სათამაშოდ ვალიადოლიდს გაეშურა. (შეხვედრა დღეს, 17 საათზეა).
ქოჩომ გასულ კვირას „ელჩესთან” თამაშის შემობრუნების (3:2) მხოლოდ ბოლო მონაკვეთს უყურა, რადგან შეხვედრა სანიოლის ვარჯიშს დაემთხვა. „ნანახი ძალიან მომეწონა. დიდი სიხარულია როდესაც ხედავ, როგორ შემოატრიალა შენმა გუნდმა თამაში, თუმცა ყველაფერზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს გმირობა ჩვენთვის ძალიან საჭირო ბიძგს მოგვცემს”, — ამბობს ის.
დღეს „ლევანტეს” ნახევარდაცვაში დიდი კონკურენციაა, მაგრამ ქოჩო ფელიპე მინიამბრესისთვის მნიშვნელოვანი კაცია. მას მერე, რაც მწვრთნელმა პაბლო მარტინესი მოედნის შუაში გადააადგილა, აქ მის გარდა თავი მოიყარეს ორიოლ რეიმ, ანხელ ალგობიამ და… ქოჩომ. ვინაიდან ლოსანო და კარლოს ალვარესი უფრო საჯარიმოსთან ახლოს თამაშობენ, პაბლოსთვის ერთადერთი პოზიცია რჩება და ეს ქოჩოს გამოწვევის წინაშე აყენებს.
მარიო ლუპიონი, plazadeportiva