საქართველოს ნაკრებიდან ნეაპოლში დაბრუნებული ხვიჩა კვარაცხელია პინეტა გრანდე ჰოსპიტალში გამოკვლევებზე მიიყვანეს. ოფიციალური დასკვნა ასეთია: შემაერთებელი კუნთის ძლიერი კონტრაქტურა მარცხენა ფეხზე. შედეგად, გარემარბს გუნდთან ერთად ჯერ არ უვარჯიშია, ის დარბაზში დაიტვირთა და თერაპიული მკურნალობა უტარდებოდა.
რას ნიშნავს კონტრაქტურა? ეს არის კუნთის ხანგრძლივი, ტონური, უნებლიე შეკუმშვა, რაც იწვევს სახსრის მოძრაობის მეტნაკლებ (ნაწილობრივ) შეზღუდვას, უმთავრესად სახსარში ან მის მახლობლად. ასეთი რამ სპორტსმენებს გადაღლის დროს ემართებათ. ამ დიაგნოზით „ნაპოლიმ” შეიძლება არ გარისკოს და ქართველი ფეხბურთელი შინ „ატალანტასთან” შეხვედრაში დაასვენოს. მეორე მხრივ, ბერგამოელებთან დაპირისპირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მას იტალიურ პრესაში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა უწოდეს, რადგან ორივე გუნდი მომავალ სეზონში ლიგაში თამაშისთვის იბრძვის და უშუალო კონკურებტები არიან.
napolipiu წერს, რომ წესით კვარაცხელიამ 10 დღე უნდა დაისვენოს, ჩაიტაროს სპეციფიური მკურნალობა და დარბაზში საგანგებოდ შერჩეული ვარჯიშები აკეთოს. სხვა სიტყვებით, ფეხბურთელის ჯანმრთელობა რისკის ქვეშ რომ არ დააყენონ, ის 7 აპრილამდე არ უნდა დატვირთონ — შვიდში კი „ნაპოლის” „მონცასთან” აქვს შეხვედრა.
კვარაცხელიას არყოფნა „ნაპოლისთვის” „ატალანტასთან” შეხვედრაში დიდი დანაკლისი იქნება. ისევ იტალიურ საიტს დავესესხებით: ის წერს, რომ ხვიჩა მიმდინარე სეზონში გუნდის ყველაზე ხარისხიანი ნაწილია.
„ნაპოლი” და „ატალანტა” ერთმანეთს სამი სხვადასხვა შეჯიბრების 121 მატჩში შეხვედრიან ერთმანეთს. „აძურიმ” მოიგო 53 თამაში, 35 ფრედ დასრულდა, ხოლო 33-ში ბერგამოელებმა იმარჯვეს. ნეაპოლში მასპინძლებმა 52 თამაშიდან 35 მოიგეს, 10 ფრედ დასრულდა, 7 კი სტუმრებისა იყო. ბოლო ოთხი მატჩი „ნაპოლიმ” მოიგო.