Stanislav Lobotka of SSC Napoli and Nicolo Barella and Francesco Acerbi of FC Internazionale look on as the Referee e Federico La Penna intervenes as...სერია A-ს ლიდერმა და თითქმის ჩემპიონმა „ინტერმა” შინ აწ უკვე ექს-ჩემპიონ „ნაპოლის” ვერ მოუგო — 1:1. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს მილანელთა განაპირა მცველმა მატეო დარმიანმა გახსნა, მაგრამ 81-ეზე სტუმრების ბრაზილიელმა სტოპერმა ჟუან ჟესუსმა წონასწორობა თავურით აღადგინა. შეხვედრის დასრულების შემდეგ DAZN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჟესუსმა თქვა:

კარგად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში მოედანზე მარტო ჩვენ ვიყავით. ფრე „ნაპოლისთვის” კარგი შედეგია, მაგრამ მოგებაც შეიძლებოდა და ეს მიუთითებს, თუ რა ძლიერია ფეხბურთელთა ის ჯგუფი, რომელიც შარშან იტალიის ჩემპიონი გახდა.

გჯერათ, რომ ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილის მოპოვებას შეძლებთ?

ჩვენ ვალდებულები ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ. თეორიული შანსი ჯერ კიდევ გვაქვს, თან კონკურენტებს შინ ვხვდებით. ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება მოვიპოვოთ.

შეხვედრის მსვლელობისას „ინტერის” ცენტრალურ მცველ ფრანჩესკო აჩერბისთან კონფლიქტი მოგივიდათ. რა მოხდა?

მან „ნერო” (negro) დამიძახა, მე კი ეს არ მიყვარს. ეს ძალიან ცუდია. ის თამაშის დროს ყველაფერს გვეძახის, მაგრამ ამჯერად მეტისმეტი მოუვიდა, რასაც თავადაც მიხვდა და ბოდიში მოიხადა. რაც მოედანზე ხდება, მოედანზევე რჩება. აჩერბი ნორმალური ბიჭია. როდესაც მსაჯმა თამაში დაასრულა ის მოვიდა და მომიბოდიშა. აჩერბი ჭკვიანი ადამიანია და იმედია ასეთ რამეს აღარ გაიმეორებს.