Maurizio Sarri, head coach of SS Lazio, reacts during the UEFA Champions League round of 16 second leg football match between FC Bayern Munchen and...
მაურიციო სარი

„რომასა” და „ნაპოლის” ყოფილმა ფეხბურთელმა სებინო ნელამ „რადიო რაისთვის” მიცემულ ინტერვიუში ნეაპოლელთა მომავალ მწვრთნელზე ილაპარაკა. მან თქვა:

„ფეხბურთის სამყაროში მოტრიალე მეგობრისგან შევიტყვე, რომ „აძურას” სათავეში მაურიციო სარი ჩაუდგება და სპორტულ დირექტორად კი იგლი ტარეს წაიყვანს. ეს კლუბის მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება”.

მოგეხსენებათ, სარი „ლაციოს” ედგა სათავეში, მაგრამ ცოტა ხნის წინ რომაული კლუბის დატოვება მოუხდა. მანამდე ყოფილმა ბანკის თანამშრომელმა „ჩელსის” ევროპის ლიგა, ხოლო „იუვენტუსს” სკუდეტო მოაგებინა.

წარმოშობით ნეაპოლელი სპეციალისტი მშობლიური ქალაქის გუნდში 2015-18 წლებში ანუ „ჩელსიში” წასვლამდე მუშაობდა. ის ცნობილია, როგორც წვრილმანების მიმართ უკიდურესად ყურადღებიანი მწვრთნელი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სტანდარტული მდგომარეობები და ოთხმცველიანი დაცვა, რომლის დროსაც მცველები მოედანზე თავიანთი კარიდან საკმაოდ შორს არიან გამწკრივებულები და ზონური დაცვის პრინციპით სინქრონულად მოქმედებენ.

ზოგადად კი იტალიურ კლუბებში არასტაბილურობა შეინიშნება. ვინ წარმოიდგენდა სეზონის დასაწყისში, რომ რომის ორივე გუნდს მწვრთნელი ნაადრევად დატოვებდა — „რომას” ჟოზე მოურინიუ, ხოლო „ლაციოს” ზემოხსენებული სარი. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონატის დამთავრებისთანავე „ფიორენტინას” ვინჩენცო იტალიანო დატოვებს. საერთოდ კი სერია A-ში დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ თავიანთ კლუბებში დანამდვილებით მხოლოდ სიმონე ინძაგი („ინტერში”) და ჯან პიერო გასპერინი („ატალანტა”) დარჩებიან, დანარჩენები კი „მასიმილიანო ალეგრით („იუვენტუსი”) და სტეფანო პიოლით („მილანი”) დაწყებული „ნაპოლის” მოხსნისთვის განწირული თავკაცით, ფრანჩესკო კალცონათი დამთავრებული, მომდევნო სეზონში შესაძლოა ყველა სხვა სამსახურში ვიხილოთ.