კვირას, 17 მარტს, ღამის 12 საათზე პარიზის „ჟან ბუენზე“ „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემპიონატის მთავარი მატჩი დაიწყება: საქართველო პორტუგალიის წინააღმდეგ.
ბორჯღალოსნებისთვის ეს მატჩი უპრინციპულესი რომაა, ეს ცალკე ისტორიაა. მოგეხსენებათ, შარშან, საფრანგეთში გამართულ მსოფლიო თასზე სწორედ „ლობუშმა“ („მგლებმა“) ჩატოვა ჩვენი ნაკრები ჯგუფის ბოლო ადგილზე. პორტუგალიასთან ფრე მარცხის ტოლფასი იყო – მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს და პორტუგალიის ნაკრებთა წონა, ავტორიტეტი, რენომე და თუნდაც სათამაშო კლასი საგრძნობლად განსხვავებული იყო, ცხადია – ბორჯღალოსნების სასარგებლოდ. მაგრამ „მგლებმა“ მაინც გაახერხეს ფრე ჩვენს გუნდთან – 18:18. ეს მძიმე დარტყმა იყო ქართული რაგბისთვის და კვირას, საფრანგეთის დედაქალაქში ამ წაგების ტოლფასი ფრისთვის რევანშის მოლოდინი გვექნება.
ბოლო წლებში პორტუგალიამ მართლაც მოუმატა – ქართველებთან რეგულარულად თამაში მათ ავითარებს და არა ქართველებს. ეს თვალნათელია და ამის დანახვა მხოლოდ მსოფლიო რაგბის მესვეურებს არ სურთ. ადრე თუ გვიან ბორჯღალოსნები წაიბორძიკებდნენ, რის შემდეგაც ყველაფრის თავიდან დაწყება და ხელახლა მტკიცება გახდებოდა საჭირო. ახლა სწორედ ამ ეტაპზე ვართ. უნდა დავამტკიცოთ, რომ შემთხვევითი არა იტალიისა და უელსის ძლევა იყო, არამედ პორტუგალიასთან ფრე. აი, ამიტომაა ეს მატჩი და მისი შედეგი უმნიშვნელოვანესი სრულიად ქართული რაგბისთვის.
გუნდი საბრძოლო შემადგენლობითაა შეკრებილი. დანაკლისი – საოცარ ფორმაში მყოფი მირიან მოდებაძე. ფულბეკის პოზიციას მის ნაცვლად დავით ნინიაშვილი დაიკავებს, ხოლო ხაზის მარცხენა ფლანგზე სანდრო თოდუა დადგება, რომლისთვისაც ეს მატჩი 112-ე იქნება ბორჯღალიანი კვართით. უფრო მეტიც – თუ საქართველომ მოიგო, სანდრო გახდება ევროპის 14-გზის (!) ჩემპიონი, რაც არათუ რაგბში – სპორტის ნებისმიერ სახეობაშია უნიკალური მიღწევა.
ახალი კაციც გვყავს – „ნევერის“ მხტომელი ლადო ჩაჩანიძე, რომელიც მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ ნაკრებში პირველად ითამაშებს.
ესაა და ეს. ველით კვირის ღამის 12 საათს და ვგუშემატკივრობთ ბორჯღალოსნებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა პორტუგალიასთან მატჩში:
- გიორგი ახალაძე (ბეზიე, 4 თამაში, 0 ქულა), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 11, 10), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი, 6, 0), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 6, 10), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 11, 5), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი, 6, 10), 7. ბექა გორგაძე (პო, 44, 60), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 31, 25), 9. ვასილ ლობჟანიძე (ტულონი, 83, 78), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 18, 98), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი, 111, 90), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპიტანი, 103, 95), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი, 56, 40), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 39, 175), 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 28, 63).
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 6, 0), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 3, 0), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 42, 20), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 15, 5), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 11, 10), 21. მიხეილ ალანია (ორიაკი, 12, 5), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 51, 351), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 35, 20).