„ნაპოლის” ოცნება დასრულდა. იტალიის ჩემპიონი „ბარსელონამ” ლიგის მერვედფინალიდან გააგდო. ამ მარცხის გამო „აძური” ვეღარც 2025 წლის კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. გადაწყდა: იტალიიდან შეჯიბრებაში „ინტერი” და „იუვენტუსი” გამოვლენ. შეხვედრის მერე ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ თქვა:
…მე პენალტების მოყვარული არ ვარ, მოწინააღმდეგე გახლავართ, მაგრამ დღეს ოსიმენის წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანი დარტყმა ნამდვილად უნდა დაენიშნათ. საერთოდ, დღევანდელი მსაჯი არ მომეწონა. ის თანაბრად არ სჯიდა, მისი მოქმედებები სამართლიანი არ იყო…
…დღეს „ნაპოლი” ზედმეტად თავჩახრილი მეჩვენა, აგრესიულად არ თამაშობდა. ის მოწინააღმდეგეს საჯარიმო მოედნის წინ ბურთის გათამაშების შესაძლებლობას აძლევდა. „ბარსას” კლასის გუნდთან მუდამ კონცენტრირებული თუ არ ხარ, კართან ხიფათს მიიღებ. სამწუხაროდ, „ნაპოლის” დაცვამ ცუდად ითამაშა…
…ოსიმენი პირველ ტაიმში ექვსჯერ ჩარჩა თამაშგარე მდგომარეობაში, რაც აბსურდია. მეორე ტაიმში ის უკეთესი იყო, მაგრამ ეს მაინც არ გახლდათ ჩვეულებრივი, აგრესიული, თავისი საქმის მცოდნე ოსიმენი. მან მხოლოდ ერთხელ დაარტყა თავური, არადა „ბარსელონას” დაცვის ყველაზე სუსტი წერტილი სწორედ ეს არის. ვწუხვარ, მაგრამ ის ვერ გამოირჩეოდა…
…ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ „ნაპოლის” ასეთი სეზონი ექნებოდა. გუნდს ჰყავდა ფეხბურთელები, ჰქონდა თამაშის სტილი, მენტალიტეტი, ჟინი… ამიტომ, ვერ ვხვდები რა ხდება. არ ვიცი, ჩავარდნა მწვრთნელებს დავაბრალო თუ ფეხბურთელებს…
…ფეხბურთელებს ეგონათ, რომ გუნდის თამაშის სტილი მათი უნდა გადაეწყვიტათ და არ უნდა გაეთვალისწინებინათ, რა უნდოდა მწვრთნელს. მართალია, ბოლოხანს აშკარად რაღაც უკეთესს ვხედავთ, მაგრამ კალცონას ორმა წინამორბედმა ვერ მისცა მოთამაშეებს ის, რაც მათ უნდოდათ. ეს ძალიან არ მომეწონა, რადგან გამოდის, რომ „ნაპოლის” ჭირვეული ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც თავში მხოლოდ ერთი სათამაშო სისტემა უტრიალებთ. მე საქმისადმი ასეთ მიდგომას ვერასდროს შევეგუები. გუნდს წლეულს ორი მთავარი კაცი დააკლდა: სპალეტი, რომელმაც უნიკალური, არაჩვეულებრივი სამუშაო გაწია, მაგრამ ბოლოს თავადვე მიხვდა, რომ რაღაც ძველებურად აღარ მუშაობდა და ჯიუნტოლი, რომელიც მწვრთნელთან ერთად არჩევდა ფეხბურთელებს. სამწუხაროდ, „ნაპოლის” დააკლდა ხალხი, რომელსაც იდეები მოსდიოდა და შემდეგ ამ იდეებს იცავდა…