„ნაპოლის” ყოფილმა ფეხბურთელმა 32 წლის კალიდუ კულიბალიმ თავისი ოდინდელი გუნდი „ბარსელონასთან” ჩემპიონთალიგური მატჩის წინ, „გაძეტა დელო სპორტის” ფურცლებიდან გაამხნევა და მეოთხედფინალში გასასვლელად წააქეზა.
– „ნაპოლის” მეოთხედფინალში გასასვლელად ყველა პირობა აქვს, — თქვა საუდის არაბეთის კლუბ „ალ ჰილალში” მოთამაშე საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილმა სენეგალელმა მცველმა, — დიდი უპირატესობა იქნება ისიც, რომ თამაში „კამპ ნოუზე” არ ტარდება. „მონჟუიკზე” იგივე გარემო და ზეწოლა არ არის. იმედი მაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე „ნაპოლი” გავა. „ბარსელონას” ნიჭიერი ფეხბურთელები და დიდებული მწვრთნელი ჰყავს, მაგრამ „აძურიმ” კვლავ იპოვა თავისი ხელწერა და მათი გაწბილება შეუძლია.
– მახსოვს „ჩელსის” შემადგენლობაში „კამპ ნოუზე” თამაში და პენალტი, რომელიც ჩვენს კარში ჩემი შეცდომის გამო დაინიშნა. მაშინ მესიმ ძალიან მოხერხებულად დამიტოვა ფეხი და წამომედო. ის წაგება და შეცდომა არასდროს დამავიწყდება. ეს ფეხბურთის ნაწილია. მსგავსი ეპიზოდები კლასის ამაღლებაში გეხმარებიან. ამ მომენტმა უკეთეს ფეხბურთელად მაქცია. „ლურჯების” შემადგენლობაში „კამპ ნოუზე” თამაში იმ დაუვიწყარ სუვენირთაგანია, რომელიც საფეხბურთო ცხოვრებამ მომიძღვნა.
– „ნაპოლიზე” ასე გეტყვით: „სკუდეტოს” მოგების შემდეგ ძალიან ძნელია ისევ წარმატებას მიაღწიო, მითუმეტეს ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, როდესაც ყველაფერი იცვლება. თავისი იდეების ხორცშესასხმელად ყველა მწვრთნელს დრო სჭირდება. ახლის მოყვანა კი ახალი ციკლის დაწყებას ნიშნავს. „ნაპოლის” სჭირდებოდა მწვრთნელი, რომელიც სპალეტის საქმეს გააგრძელებდა. ამიტომაც გაჭირდა ჯერ გარსიას, შემდეგ კი მაცარის ხელში. საბედნიეროდ დღეს ჩიჩო კალცონა გვყავს, კაცი რომელიც კლუბს და გარემოს კარგად იცნობს. ბევრი ფეხბურთელი მისი წყალობით დაოსტატდა. მათ შორის ვარ მეც. მას და მაურიციო სარის სამუდამოდ ვემადლიერები. ბევრმა არ იცის, რომ როდესაც ის და სარი „ნაპოლიში” მოვიდნენ, კლუბი ჩემს გასაყიდად წინადადებებს იხილავდა. კალცონა კი მოვიდა და მითხრა: „ვერ ვხვდები, რატომ უნდა წახვიდე”. მე ავუხსენი, რომ სათამაშო დრო და ისეთი მწვრთნელი მჭირდებოდა, რომელიც მენდობოდა. „თუკი ორ-სამ შტრიხს გამოასწორებ და ჩემი და სარის რჩევებს ყურად იღებ, ბევრი მატჩში მიიღებ მონაწილეობას”, — მითხრა მან. ამაზე ვუპასუხე, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ასისტენტი იყო. „თუ მთავარ მწვრთნელს არ ვენდომები, თქვენ მას აზრს ვერ შეაცვლევინებთ”, — ვუთხარი მე. მან, თავის მხრივ, დამარწმუნა, რომ ვცდებოდი და როგორც გაირკვა მართალი აღმოჩნდა. მან ყველაფერი იღონა, რათა მე „ნაპოლიში” დავრჩენილიყავი. კალცონამ და სარიმ ჩემი ცხოვრება შეცვალეს.
– ჩიჩო „ნაპოლიში” დროულად ჩავიდა. ის ამ გუნდისთვის ზედგამოჭრილია. ყველამ იცის, რომ მისი ტაქტიკა სარისას ჰგავს. ის ჩემი ახლობელია. კალცონა რთულ მომენტებში „ჩელსიშიც” კი მეხმარებოდა. თავის დროზე მისი წყალობით „ნაპოლი” საომარ მანქანად ჩამოყალიბდა და მწამს ახლაც მიაღწევს წარმატებას. ერთი ეგაა, დრო სჭირდება. მის ახლანდელ კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლომდე აქვს, არადა მეტი ხნით დატოვების ღირსია. მან სლოვაკეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, რაც წარმატებაა. კალცონას ეყო გამბედაობა გაჭირვების ჟამს „ნაპოლისაც” ამოდგომოდა მხარში. მას წარმატებისთვის საჭირო ყველა უნარი აქვს.