საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ორივე ელიტურ ლიგაში მორიგი ტური გაიმართა: ტოპ 14-ში – მე-18, ხოლო პრო დ2-ში – 23-ე. ჰოდა, ორივე ლიგის ჯამურ 15 მატჩში ერთბაშად 32-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. ამ 32-დან თავის გამოჩენა მხოლოდ „მონტობანის“ კვაჭმა ბადრი ალხაზაშვილმა მოახერხა, რომელმაც პრო დ2-ში თავისი პირველი ლელო გაიტანა.

ტოპ 14

აქ ლიდერი უცვლელი დარჩა – „სტად ფრანსემ“ ლა როშელში 3:23 კი წააგო, მაგრამ კონკურენტებისთვის მიუწვდომელი დარჩა. გამარჯვებულთა შორის ბოლო 17 წუთი ნაკრებიდან დაბრუნებულმა სანდრო ქუნთელიამ ითამაშა, ხოლო პარიზელებში 53-ე წუთზე გიორგი მელიქიძე გამოჩნდა, რომელმაც 18 წუთში ყვითელი ბარათი მიიღო და ცხადია, თამაშში აღარც დაბრუნებულა. „სტად ფრანსე“ 55 ქულით ლიდერობს, ხოლო ევროპის საკლუბო ჩემპიონმა „ლა როშელმა“ სეზონის პირველი ნახევრის ჩაგდების შემდეგ მოყოჩაღებულა და 45 ქულით უკვე მე-3 საფეხურზეა.

საპლეიოფო ზონაში „კასტრიცაა“, რომელმაც ლიონში 19:34 წააგო და მასპინძლებს ბონუსიც დაანება. მასპინძელთა შორის დავით ნინიაშვილმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო ლევან ჩილაჩავამ „კასტრში“ პირველიდან 54 წუთამდე იასპარეზა და ეს იყო მისი 175-ე (!) მატჩი ტოპ 14-ში. „კასტრი“ 44 ქულით მე-5 საფეხურზეა.

ამდენივე ქულით მე-6 ადგგილზე „რასინგ-92“-ია, რომელმაც „ტულონს“ პარიზში 20:6 მოუგო. მასპინძელთა შორის 58-ედან 79-ემდე გია ხარაიშვილმა ითამაშა, ტულონელთა სასტარტოში ბექა გიგაშვილი იყო, ვინც 70-ეზე შეცვალეს, ხოლო ვასილ ლობჟანიძემ სრული მეორე ტაიმი ჩაატარა.

„პოსაც“ 44 ქულა აქვს, მაგრამ ბასკები კონკურენტებს დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩებიან. ბექა გორგაძის გუნდმა ბასკურ დერბიში „ბაიონს“ 42:40 სძლია და სტუმრებს ბონუსი გაატანა. გორგაძემ 80-ვე წუთი გაატარა მინდორზე, ხოლო ბაიონელთა შორის 45-ე წუთზე კონსტანტინე მიქაუტაძე გამოჩნდა, ხოლო 59-ეზე – გელა აფრასიძე.

ბოლო, მე-14 ადგილზე „ოიონაქსი“ დარჩა, რომელმაც, სხვათა შორის „კლერმონს“ სტუმრად მაგარი ბრძოლა გაუმართა და ფრესაც მიაღწია – 15:15. სტუმართა შორის 37-ე წუთზე ვეტერანი ირაკლი მირცხულავა გამოჩნდა, რომელიც მარქაფაში 12 წუთის შემდეგ დაბრუნდა და თამაშში აღარც ჩართულა.

25-ქულიან „ოიონაქსს“ 10 ქულით „პერპინიანი“ უსწრებს, რომელიც საკუთარ თავს გადაახტა და მოქმედ ჩემპიონ „ტულუზს“ 27:17 მოუგო. გიორგი თეთრაშვილმა კატალონიელთა რიგებში საწყისი 34 წუთი გაატარა და მეორედ თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო – 62-ე წუთამდე.

დაბოლოს, „მონპელიემ“ „ბორდოსაც“ მოუგო (10:3)  და სახიფათო ზონას რამდენადმე დაშორდა. ლუკა ჯაფარიძემ თამაში სასტარტოში დაიწყო და 49-ეზე ადგილი ლაშა მაჭარაშვილს დაუთმო, რომელიც თავისი წილი 31 წუთით ტურის სიმბოლურში შესვლაც კი მოახერხა.

პრო დ2

ამ ლიგაში ღირსშესანიშნავი ამბავი ბადრი ალხაზაშვილის ლელო იყო. „მონტობანმა“ მე-60 წუთზე დერეფანი მოიგო, მოლი ჩამოაყალიბა, რომელიც „ბიარიცის“ მორაგბეებმა კი დაშალეს, მაგრამ „მონტობანს“ ამის მერე რამდენიმეფაზიანი შეტევა კი გამოუვიდა, რომელიც ალხაზაშვილმა ბურთის რაქიდან ატაცებით და ლელოში გადადებით დაასრულა. ასეა თუ ისე, „ბასკურმა“ კლუბმა ეს თამაში 33:19 მაინც მოიგო და „მონტობანს“ ბოლოსწინა, მე-15 ადგილი დაუთმო.