„ვალენსიამ” „ხეტაფეს” 1:0 მოუგო. რთული შეხვედრის ერთადერთი გოლი უგო დურომ იმდენად ოსტატურად და ლამაზად შეასრულა, რომ მატჩის გმირად ის დაასახელეს, რითაც ცოტა არ იყოს დაეჩაგრათ ფეხბურთელი, რომელმაც თავისი დიდებული თამაშით მეტოქეს რამდენჯერმე არ მისცა ანგარიშის გათანაბრების საშუალება. ეს გახლდათ მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომლის შესახებაც AS-მა ასე დაწერა: „მამარდაშვილი თავისი მოგერიებებით მატჩის გმირი გახდა. მან განსაკუთრებით კარგად მეორე ტაიმში ითამაშა, როდესაც კარის ხაზზე აიღო ბურთი”.
პრესტიჟულმა ესპანურმა გამოცემამ ამ მატჩისადმი მიძღვნილი მეორე წერილი ასე დაასათაურა: „ორი მაგარი ბიჭი ევროპისკენ მიიწევს”. აქ ცხადია დურო და გიორგი იგულისხმებიან, რომელთა წყალობით „ვალენსიას” მომავალ სეზონში ევროთასებზე მოხვედრის შანსი აქვს.
ვალენსიურმა საიტმა superdeporte-მ ქართველ მეკარეს ათიდან 8,5 ქულა დაუწერა, სიტყვიერად კი ასე შეაფასა: „მეკარემ მეორე ტაიმში ორი გოლისგან იხსნა გუნდი. გარდა ამისა, როდესაც ბურთი მის საჯარიმოში აღმოჩნდებოდა, ის საკუთარ თავში დარწმუნებული მოქმედებდა. მიმდინარე სეზონში ეს იყო მეცხრე შეხვედრა, რომელშიც მამარდაშვილმა გოლი არ გაუშვა”.
ერთი შეხედვით პარადოქსია, მაგრამ კმაყოფილი იყო დამარცხებული გუნდის თავკაცი ხოსე ბორდალასიც, რომელმაც „ვალენსიაში” მუშაობის დროს გიორგი აიყვანა და მეოთხე მეკარედ ჩაფიქრებული პირდაპირ მთავარი გუნდის ძირითადში დააყენა.
„სიმართლე რომ გითხრათ, ეს დიდი და ძალიან პირადი სიამოვნებაა. გარკვეული გაგებით ჩვენ ამ ბიჭების ჩამოყალიბებაში წვლილი გვაქვს შეტანილი. არიან ბავშვები რომელთაც დიდი პოტენციალი ეტყობოდათ, დღეს კი შესანიშნავად აკეთებენ თავიანთ საქმეს. მინდა შევაქო პიპოც (რუბენ ბარახა)”, — თქვა ბორდალასმა.
რუბენ ბარახა: „მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა და „წამებისგან” გვიხსნა. ჩვენ მეორე გოლის გატანის შესაძლებლობა ფაქტობრივად არ გვქონია, მან კი ასეთ დროს გოლი არ გაუშვა. „ხეტაფე” ის გუნდია, რომელიც სტანდარტული მდგომარეობების დროს დიდ ყურადღებას ითხოვს. ხშირია მოგერიებულ ბურთზე დამატებები. ამიტომ, დღევანდელ გამარჯვებას, ისევე როგორც კარის მშრალად შენახვას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. თამაში რომ მოიგო, მეკარე უნდა დაგეხმაროს”.



![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)

