ნეაპოლური საიტი tuttonapoli ყოველი მატჩის შემდეგ გამოყოფს ათ მოვლენას, რომელმაც მისი აზრით ამ კონკრეტულ შეხვედრაში ითამაშა როლი. ჩვენ პერიოდულად ვცდილობთ გადმოვაქართულოთ ის აბზაცები, რომლებიც ქართველ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ეხება. „ტორინოსთან” 1:1-ის შემდეგ პორტალმა კვარაცხელიას მეცხრე პუნქტი მიუძღვნა, სადაც კერძოდ წერია:
კვარაცხელია, რომელიც ყველასთვის ყველაფერს აკეთებდა. „მან დასაწყისში გოლი ვერ გაიტანა; ის Tinder-ზე (გაცნობათა საიტი) უკეთ აყალიბებს ურთიერთობებს, რადგან ერთფეროვნების დარღვევის უნარი აქვს; ის ნებისმიერ კედელს ჯიქურ უყურებს და დარწმუნებულია, რომ მისი დანგრევა შეუძლია. 77 ნომერი აღგაფრთოვანებს, რადგან უკან არასდროს იხევს. ის თავს ხრის და ნებისმიერ გამოწვევაზე მიიწევს. მან კარგად ისარგებლა ბურთის სამკუთხა გათამაშებით, რამაც მიმდინარე ჩემპიონატში მისი მეათე გოლი მოიტანა. ის ბურთით ცეკვავს. ეს მისი თვისებაა, რომელსაც ვერავინ წაართმევს. ის პირადად იმსახურებდა სამ ქულასა და ფეხზე წამოდგომას უკლებლივ ყველასგან — „მარადონაზე” თუ მის გარეთ. ის სიამოვნებას ანიჭებს ყველას, ვისაც ფეხბურთი უყვარს. ყველას, ვისაც აღაფრთოვანებს დიდ ნიჭთან შეზავებული თამაშის ჟინი. ასეთებს გენიოსებს უწოდებენ. მათ სხვებზე მეტად სწამთ და სხვებზე მეტს ხვდებიან. მათ სხვებზე მეტი იციან”.
საიტი კვარაცხელიაზე ირიბად ლაპარაკობს მერვე აბზაცშიც, რომელიც მარიო რუის ეძღვნება. tuttonapoli წერს, რომ პორტუგალიელი მერვე აბზაცში იმიტომ მოახვედრა, რომ შვიდი ქულა თამაშის, ხოლო მერვე სიმართლის გამო დაუწერა. სიმართლე ის გახლდათ, რომ რუიმ მსაჯ დანიელე ორსატოს შესახებ დაახლოებით ასეთი რამ თქვა: ფენომენალურად თუ არ თამაშობ, ამათ ხელში წარმატებას ვერ მიაღწევ.
„პორტუგალიელმა თამაშში გული ჩადო და „ბროწეულისფერთა” ძალისმიერი ფეხბურთის გამო პირველ ტაიმში იგვემა კიდეც. შემდეგ თავისი დანაშაულები ბრწყინვალე მარცხენა ფეხით გამოისყიდა, როდესაც თავის თანაფლანგელ პარტნიორ ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასი ჩააწოდა. ხვიჩას ხუნდებისგან გათავისუფლებას საუკეთესო ფორმაში მყოფი მარიო სჭირდება. ის კი მაცარიმ სრულიად გაუგებარი მიზეზით სკამზე დასვა, ხოლო გარსია უსამართლოდ ექცეოდა…”, — წერს საიტი.