ვაკო გვილია კარიერას პოლონეთის ექსტრაკლასას გუნდ გლივიცეს „პიასტში“ გააგრძელებს.
„ვალერიან გვილია „პიასტის“ ახალი ფეხბურთელია. 29 წლის ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა“, – წერს პოლონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
„მოხარული ვარ, რომ „პიასტში“ ჩავირიცხე, აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ტრავმის გამო კარიერაში პაუზა მქონდა. ვარჯიში ცოტა ხნის წინ განვაახლე – თვენახევარი ბრატისლავის „სლოვანთან“ ერთად ვემზადებოდი.
პოლონეთის ჩემპიონატში ჩემთვის უცხო არ არის, აქ ბევრი მატჩი მაქვს ჩატარებული (გვილიამ ექსტრაკლასაში 93 შეხვედრაში ცხრა გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა). მსურს, „პიასტს“ პოლონეთის თასისა და ჩემპიონატის მატჩებში დავეხმარო“, – თქვა გვილიამ.
ვაკო გვილია კარიერის განმავლობაში თამაშობდა ზაპოროჟიეს „მეტალურგში“, ბორისოვოს ბატე-ში, „ლუცერნში“, „ლეგიასა“ და „რაკოვში“. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 44 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.