„ნაპოლიმ” „იუვენტუსს” 2:1 მოუგო. ნეაპოლელთათვის ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება. ბევრი ამბობს, რომ ეს იყო მატჩი, რომელშიც „აძურის” მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ „იუვენტუსის” თავკაც მასიმილიანო ალეგრის აჯობა. მიუხედავად ამისა, არ მთავრდება ლაპარაკი იმის შესახებაც, რომ „ნაპოლიმ” „ბებერი ქალბატონი” იღბლის წყალობით დაამარცხა. ზოგმა მიმომხილველმა დაწერა, რომ რეალურად ტურინელები… დუშან ვლაჰოვიჩმა დაამარცხა, რომელმაც მასპინძლების კართან რამდენიმე საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან. საიტმა tuttonapoli გადაწყვიტა შეხვედრის სტატისტიკაში ჩაეხედა.
ციფრების თანახმად „ნაპოლის” საგოლე მომენტების კოეფიციენტი ჰქონდა 2,19, ხოლო „იუვენტუსს” 1,49. ბურთის ფლობაც ცალსახად ნეაპოლელთა მხარეს იყო: 71% — 29%. „ბებერმა ქალბატონმა” კარში დაარტყა მეტჯერ: 18:14, მაგრამ ეგრეთწოდებული ჩარჩოს ფარგლებში მხოლოდ ოთხჯერ დაუმიზნა, „ნაპოლიმ” კი 7-ჯერ.
ბურთის ფლობა საკამათო თემაა. ეგრეთწოდებული სტერილური პასების გადაწოდება არაფრის მომცემია. ვალტერ მაცარის აკრიტიკებდნენ, რომ მის ხელში „აძური” ბურთის ფლობის პროცენტს ორ ცენტრალურ მცველს შორის არაფრის მთქმელი გადაგდება-გადმოგდებით ზრდიდა. tuttonapoli წერს, რომ „იუვენტუსთან” სხვა სურათი იყო. უპირველეს ყოვლისა, ამ შეხვედრაში არ იყო მონაკვეთი, როდესაც ბურთს ალეგრის შეგირდები აკონტროლებდნენ. თამაშის დაწყებიდან მე-15 წუთამდე „ნაპოლის” ბურთის ფლობა 80%-ს უდრიდა. მეორე ტაიმში ის 65%-ის ტოლი იყო. მასპინძლები ფლობდნენ უპირატესობას მოედნის ბოლო მესამედში (მეტოქის კართან) შესრულებული სწორი პასების რაოდენობითაც.
„ნაპოლისთან” შეხვედრამდე თავის კართან მიღებული პოტენციური საგოლე მომენტების კოეფიციენტი „იუვენტუსს” ყველაზე მაღალი „ინტერთან” შეხვედრაში ჰქონდა (1,7), მაგრამ „პარტენოპეელებმა” მილანელთა „რეკორდი” მოხსნეს — 2,19.





