დუშეთის „არაგვმა“ ახალი სეზონის დაწყების წინ ახალწვეულები წარადგინა და ქართული სპორტული მედიისათვის პრესკონფრენცია გამართა სასტუმრო „ათლეტიქსში“. პრესკონფერენციაზე ისაუბრეს „არაგვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ხუბეჯაშვილმა, სპორტულმა დირექტორმა ილია ვეკუამ და მთავარმა მწვრთნელმა, დავით ქოქიაშვილმა.
ვთქვათ, რომ ლიგა 2 – ის ახალი სეზონის წინ „არაგვში“ იასპარეზებენ ახალწვეულები: ლუკა ნანავა, ნიკა გაბელაია, კიჭი მელიავა, დავით მაისაშვილი, გურამ ადამაძე, ნიკოლოზ აფაქიძე, ანდრო ნემსაძე, გიორგი გეგია, გიორგი ჯანელიძე, კობა ქებურია, გიგა წურწუმია, ლაშა ჯღამაია, ლევან წოწონავა, ოთარ ტორაძე, დავით კირკიტაძე, გიგა ამბროლაძე და დიორბეკ ტაიროვი.
გიორგი ხუბეჯაშვილი („არაგვის“ აღმასრულებელი დირექტორი): „გასული სეზონი ჩვენთვის წარმატებული იყო. ლიგა 3 – ში დამაჯერებელი ასპარეზობის შედეგად მოვიპოვეთ ლიგა 2 – ში თამაშის უფლება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ წარმატებით ვითამაშოთ ახალ სეზონში. ჩვენი მიზანი უმაღლეს ლიგაში გადასვლაა. მომავალ სეზონში რეგიონულ ლიგაში იასპარეზებს „არაგვი 2“. აქედანვე უნდა ჩავუყაროთ საფუძველი ახალგაზრდული სექტორის განვითარებას. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნის ასაკობრივ ჩემპიონატებში ითამაშებენ „არაგვის“ ჭაბუკთა გუნდები. მინდა, წარმოგიდგინოთ ჩვენი კლუბის ახალი სპორტული დირექტორი, ილია ვეკუა. „არაგვის“ სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა ფიზმომზადების მწვრთნელი, ვასილ პავლიაშვილი. „არაგვი 2“ – ს ვაჟა ლომაშვილი გაწვრთნის. მას გიორგი ჭეიშვილი დაეხმარება. ისინი ჩვენი გუნდის სტაჟიანი წევრები არიან. რაც შეეხება ფინანსებს, არის სპონსორთა ჯგუფი და კიდევ მიმიდინარეობს მოლაპარაკება პოტენციურ ინვესტორებთან და ყველა სიახლეს ოპერატიულად გაცნობებთ ჩვენი ფეისბუქის გვერდისა თუ პრესკონფერენციის საშუალებით. საშინაო მატჩებს სართიჭალაში გავმართავთ.
ილია ვეკუა („არაგვის“ სპორტული დირექტორი): „მიგვაჩნია, რომ „არაგვი“ მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ჩვენი მიზანი ეროვნულ ლიგაში გადასვლაა. „არაგვი“ ჩემთვის შინაური გუნდია, ადრეც ვმუშაობდი აქ. ყველაფერს გავიღებთ იმისათვის, რომ მომავალ სეზონში წარმატებით ვითამაშოთ. დიდი მადლობა მედიას დაფასებისა და ყურადღებისათვის. ჩვენთვის თქვენი აქტიურობა და გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია.“
დავით ქოქიაშვილი („არაგვის“ მწვრთნელი): „მომავალ სეზონს დიდი იმედით ვეგებებით. ამბიციური მიზნები გვაქვს. ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძალიან კონკურენტუნარიანი ლიგა იქნება. არის რამდენიმე კლუბი, რომელსაც მიზნად ეროვნულ ლიგაში აღზევება აქვს, მაგრამ კონკრეტულ ფავორიტს მე ვერ გამოვარჩევ. ნებისმიერ გუნდთან დიდი ბრძოლა გვექნება. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ესაა – ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, რომ პირველ ნომრად ვითამაშოთ. „არაგვი“ ყველა შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად გავა მინდორზე. მიმაჩნია, რომ ძალიან ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. ახალი სეზონისათვის მოსამზადებელ შეკრებაზე ვიყავით სასტუმრო „ათლეტიკსში“. ჩავატარეთ ამხანაგური შეხვედრები. მე ბოლომდე მჯერა იმ ფეხბურთელების, რომლებიც გუნდში არიან. მადლობა ჩვენი კლუბის სპორტულ დირექტორს, ილია ვეკუას ნაყოფიერი სელექციისათვის. „არაგვი“ არის ერთი ოჯახი. ასე ერთად შეკრულებმა უნდა ვიაროთ ახალი მიზნებისაკენ. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ მედიის წარმომადგენლებს მოსვლისათვის, დაფასებისათვის. მომავალშიც ამ რეჟიმში ვითანამშრომლებთ მედიასთან.“





