„დღეს ჩემმა ბიჭებმა კარგად ითამაშეს. პირველ ტაიმშივე გვქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ ისინი ვერ გამოვიყენეთ. ჩემი ახალგაზრდა ფეხბურთელების ზრდის პროცესისთვის ასეთი წარუმატებლობის გადატანა ნორმალურია. ისინი ამ გზით უფრო დიდ ბალანსს მიაღწევენ. რაც უფრო მნიშვნელოვან მატჩებში მიიღებენ გამოცდილებას, მით უკეთესია. იმავდროულად უნდა გითხრათ, რომ ჩემი გუნდი კარგად თამაშობს. ის ცხრილში მეორე ადგილზეა და წინ კიდევ 11 თამაში გვაქვს ჩასატარებელი”, — თქვა „იუვენტუსის” მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ სტუმრად „ნაპოლისთან” 1:2 დამარცხების შემდეგ.
შემდეგ „ბებერი ქალბატონის” თავკაცმა განაგრძო: „დღეს ჩვენ გვაკლდნენ უესტონ მაკკენი და ადრიენ რაბიო. მათ არყოფნაში კარგად ითამაშეს, როგორც ფაბიო მირეტიმ, რომელსაც „იუვეს” ფორმა სამოცზე მეტჯერ სცმია, ასევე კარლოს ალკარასმა, რომელიც პირველად იყო მოედანზე. თუმცა დღეს ყველაზე კარგი იმის დანახვა იყო, თუ როგორ ეხმარებოდნენ ბიჭები ერთმანეთს. ჩვენ ორთაბრძოლებში ვრისკავდით, მაგრამ არ მგონია, რომ ამის გამო მასპინძლებს ვიოცეხ შჩესნის კართან აშკარა სახიფათო მომეტები ჰქონდათ.
ჩვენ კი გვქონდა საგოლე მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. ცოტა ზედმეტი სიჯიუტით ვმოქმედებდით შუიდან, არადა, როგორც კი თამაშს ფლანგებზე ვშლიდით, მყისვე ვქმნიდით საგოლე მომენტებს. თავის ფრთაზე კვარა დაცვაში დიდ სივრცეებს გვიტოვებდა და იმ მხრიდან ვცდილობდით მეტ შეტევას. თუმცა, ხიფათს მეორე ფლანგიდანაც ვქმნიდით. კიდევ უფრო მეტის შექმნაც შეგვეძლო. ცუდია, რომ დავმარცხდით, მითუფრო ახლა, როდესაც რთული კალენდარი გვაქვს და ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილისთვის ვიბრძვით. თუმცა, იყო დადებითი მომენტიც. კერძოდ ის, რომ დღეს მოედანზე იყო ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა „იუვენტუსი”, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კარგად ვმუშაობთ…
პენალტი? ასეთ სიტუაციებში უკეთ უნდა ვთამაშობდეთ. შჩესნიმ ცუდად დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოიგერია. მოგერიების მერე ჩვენ ბურთი კუთხურზე უნდა გადაგვეგდო. ისინი კალათბურთელებივით გადაგვახტნენ თავზე, ჩვენ კი ვერ მივხვდით, რომ მათთვის გზა უნდა ჩაგვეკეტა. ეს ფეხბურთია და შენ ოსტატობაზე შედეგების მიუხედავად უნდა იმუშაო.
პირველი გოლი? კვარას დარტყმული სახიფათო არ იყო, მაგრამ ის კამბიასოს მოხვდა და რიკოშეტით შევარდა კარში.
ვლაჰოვიჩი? მას ჰქონდა საგოლე მომენტები. კარგად ითამაშა. მომავალში უჯობს უფრო მშვიდად იმოქმედოს. საბოლოო ჯამში ბიჭებით კმაყოფილი ვარ. მოედანზე მომხდარის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წაგება არ იყო სამართლიანი შედეგი”.