რა არ მოხდა „ვალენსიასა” და „რეალის” შეხვედრაში. მათ შორის იყო ბოლო წამის ეპიზოდი, როდესაც მადრიდელებმა გოლი გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა ხესუს ხილ მონსანომ ის არ ჩათვალა, რადგან ბრაჰიმ დიასის საგოლე ჩაწოდებამდე და შესაბამისად ჯუდ ბელინგემის თავურამდე თამაში დაამთავრა. არბიტრის გადაწყვეტილებას აყალმაყალი მოჰყვა. მონსანომ ბელინგემს წითელი ბარათიც კი აჩვენა. მიზეზი: ინგლისელმა თავის ენაზე თქვა „its a fucking goal”. მატჩის შემდეგ „რეალის” მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ბრძანა:
„უპრეცედენტო რამ მოხდა. ასეთი რაღაც ცხოვრებაში არ მინახავს. მსაჯს შეხვედრა მაშინ რომ დაესრულებინა, როდესაც ბურთი მეკარემ (გიორგი მამარდაშვილმა) მოიგერია, სხვა იქნებოდა, მაგრამ მან ფეხბურთელებს თამაშის გაგრძელების საშუალება მისცა. ამის შემდეგ ბურთი ჩვენ მოვიპოვეთ, მოწინააღმდეგემ შეცდომა დაუშვა და გოლი გავიტანეთ, რომელიც უნდა ჩათვლილიყო. რაც შეეხება ბელინგემის გაძევებას, ის გვაშფოთებს, რადგან მას შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. ბელინგემმა თქვა its a fucking goal (ქართულად, დაახლოებით: „გოლი იყო ეს დედა…”) და მეტი არაფერი”.
ინციდენტის შესახებ ილაპარაკა „ღამურების” თავდამსხმელმა, პირველი გოლის ავტორმა უგო დურომაც. მან თქვა: „კუთხურის წინ მსაჯმა გაგვაფრთხილა, რომ ეს მატჩის ბოლო მომენტი იქნებოდა და თამაშს აღარ გააგრძელებდა. მართალი გითხრათ, ვერ გავიგე ამის შემდეგ ჩასტვენა რამ დააყოვნა. „რეალის” ფეხბურთელთა ემოცია მესმის, მაგრამ გაფრთხილებულები ვიყავით, რომ როგორც კი ჩვენ შეტევას ჩავშლიდით, თამაში დასრულდებოდა. მას მერე, რაც გიორგიმ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მოიგერია, მსაჯმა მატჩი დაამთავრა. ჩემი აზრით ის სწორად მოიქცა”.
დურომ ის ეპიზოდიც გაიხსენა, როდესაც მისი წაქცევისთვის მსაჯმა „რეალის” კარში პენალტი დანიშნა, მაგრამ VAR-მა გადაათქმევინა:
„ფეხი დამიცდა, რის მერეც ფრანმა (გარსიამ) ფეხში მომარტყა, მაგრამ ის ჯერ ბურთს შეეხო და ცხადია პენალტი არ უნდა დანიშნულიყო”.