„ვალენსიასა” და „რეალის” დრამატული შეხვედრის ბოლო წამებში მადრიდელებმა შეუტიეს. მათ კუთხური ჩააწოდეს. გიორგი მამარდაშვილმა ბურთი მუშტებით მოიგერია. მას ვალენსიელ მცველთან ორთაბრძოლის შემდეგ ბრაჰიმ დიასი დაეუფლა, ფრთაზე გავიდა, ჩააწოდა და ჯუდ ბელინგემს თავური გოლი გაატანინა, მაგრამ… მსაჯს თამაში უკვე დამთავრებული ჰქონდა და ამის ნიშნად მოვლენებისკენ სანახევროდ ზურგითაც იყო შეტრიალებული. სტუმრები აღშფოთდნენ, ატყდა გაწევ-გამოწევა, მაგრამ საქმეს რაღა ეშველებოდა. მატჩის შემდეგ გავლენიანმა მადრიდულმა გამოცემამ „მარკამ” თავის ექსპერტს, ყოფილ არბიტრ ალფონსო პერეს ბურულს ეპიზოდის ანალიზი სთხოვა. მან თქვა: „მსაჯმა თამაში მართებულ დროს დაამთავრა. მას მხედველობაში მხოლოდ შემტევი კი არა, დამცველი გუნდის მოქმედებებიც უნდა მიეღო. ბრაჰიმმა ბურთი მას მერე იხელთა, რაც მას მეტოქე შეეხო, ამიტომ ფრთაზე გასვლა და ჩაწოდება უკვე მომდევნო შეტევა იყო”. სხვა საქმეა, რომ საკუთარი ექსპერტის დასკვნის მიუხედავად „მარკას” ჟურნალისტები ხესუს ხილ მონსანოს თამაშის გაფუჭებაში სდებენ ბრალს. მათი ღრმა რწმენით გოლი უნდა ჩათვლილიყო.
შეხვედრა კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დრამატული იყო. პირველ ტაიმში „ვალენსია” 2:0 დაწინაურდა. ანგარიში უგო დურომ გახსნა, შემდეგ კი დანი კარვახალის შეცდომით უკრაინელმა რომან იარემჩუკმა ისარგებლა და თანამემამულე მეკარეს ანდრიი ლუნინს გაუტანა. ზედ შესვენების წინ მამარდაშვილმა როდრიგოს ჩაწოდებული პასი ვერ ჩაჭრა და ვინისიუსმა სხვაობა შეამცირა.
შესვენების შემდეგ ქართველმა მეკარემ საოცარი რეაქციის წყალობით ახლო მანძილიდან ბელინგემს არ მისცა ანგარიშის გათანაბრების საშუალება, თუმცა ერთი ხნის მერე ვისიუსმა ცენტრალური მცველების შეცდომით ისარგებლა და გაქვითა.
ამ შეხვედრაში კიდევ იყო სახიფათო მომენტები, იყო ლუნინს საოცარი თამაშიც, იყო მუკტარ დიაკაბის მძიმე ტრავმა, ვინისიუსის გამომწვევი ქცევა, რაც მთელ მატჩს ლაიტმოტივად გასდევდა და იყო „რეალის” კარში დანიშნული და VAR-ის მიერ გადათქმული პენალტი.
„ვალენსიას” 26 თამაშის შემდეგ 37 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა.