ბოლო სანაკრებო მატჩებიდან გამომდინარე, საქართველოს საკალართბურთო სუპერლიგას მეტი ფასი დაედო. დანიასთან და სერბეთთან მატჩებში სულ ოთხი ლეგიონერი გვყავდა, დანარჩენები კი სუპერლიგიდან იყვნენ. შედეგად, ჩვენი ჩემპიონატიდან ნაკრებში მოხვედრა პრობლემას არ წარმოადგენს, მით უფრო, რომ გვყავს საინტერესო კალათბურთელები. ერთ-ერთი მათგანი ვილი ისიანია, რომელიც საქართველოში სათამაშოდ ესპანეთიდან დაბრუნდა. მანამდე იყო ამერიკული კოლეჯთა ლიგა და საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრები. აი, ეროვნულ გუნდში კი სულ ერთხელ გახლდათ გამოძახებული – შარშან გაფართოებულ შემადგენლობაში და სულ ეს იყო… ჩვენც ვილის საკუთარ კარიერაზე ვესაუბრეთ და ნაკრების შესახებაც დავეკითხეთ.
„ესპანეთში კონტრაქტი მქონდა, მაგრამ მე და კიდევ ორ კალათბურთელს დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემები შეგვექმნა, რომელიც მალე არ გვარდებოდა. გუნდის დატოვება ისედაც გადაწყვეტილი მქონდა და როდესაც თსუ-დან კარგი შემოთავაზება მივიღე, წამოვედი კიდეც. ყველაფერს თავი დავანებოთ, ოჯახთან და ახლობლებთან ვარ ახლოს.
კარგად ვიცნობ თსუ-ს მწვრთნელ ლექსო ლაფანაშვილსაც, ვისთან ერთად მითამაშია კიდეც კალათბურთი. კარგი გუნდი და საინტერესო პროექტია, ამიტომაც გადავწყვიტე აქ მეთამაშა“.
ვილიმ თსუ-ში სულ სამი მატჩის ჩატარება მოასწრო – ორი ჩემპიონატში და ერთიც თასზე, თუმცა ჯერ ისევ გუნდთან შეგუების პროცესშია.
„გუნდში ყველა გვერდით დამიდგა და დამეხმარა. ძალიან კარგი, ერთიანი და შეკრული გუნდია. მეც ვცდილობ ავყვე და იმ მიზნების მიღწევაში დავეხმარო, რომელიც დასახული აქვს… მიზნები? ცხადია, პირველ ყოვლისა საჩემპიონო ტიტულის შენარჩუნებაა. მერე უკვე ევროტურნირზე კარგი თამაში“.
26 წლის ისიანი ნაკრებში მოხვედრაზე ფიქრს არ ეშვება და ამბობს, რომ შანსი საქართველოს ჩემპიონატიდანაც აქვს.
„ყველა ასაკობრივ ნაკრებში მითამაშია, ეროვნულ გუნდში კი ჯერ არა. მხოლოდ ერთხელ ვიყავი გამოძახებული. ახლა უფრო მეტი იმედი მაქვს, რადგან ჩვენი ჩემპიონატიდანაც ხვდებიან ნაკრებში. მწვრთნელიც ახალი გვყავს. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, იმედიანად ნამდვილად ვარ“.
ისიანი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრებს ორი მარცხის მიუხედავად ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი ჯერ არ დაუკარგავს.
„ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ნაკრებმა სულ ორი მატჩი მოასწრო და რთულია იმის თქმა, თუ როგორი მწვრთნელია. მსოფლიო ჩემპიონატიდან განსხვავებით სულ სხვა გუნდია, სხვა კალათბურთელებით. მწვრთნელს შეგუების პროცესი სჭირდება. ახლა უფრო მეტი სამუშაო ექნება, რადგან ჯერ კიდევ გაცნობის პროცესშია. ევროპირველობაზე გასვლის შანსი ჯერ არ დაგვიკარგავს, რადგან კიდევ ოთხი მატჩი სათამაშო და აქედან ერთი შინ დანიასთან“.
სერბეთთან მატჩში ბოლო იყო გიორგი ცინცაძის სანაკრებო კარიერაში. ბუ და ვილი თსუ-ში თანაგუნდელები არიან. ისიანმაც მადლობა გადაუხადა თანაგუნდელს…
„მადლობა ცინცაძეს ხანგრძლივი და სარეკორდო კარიერისთვის. ბავშვობიდან ვგულშემატკივრობდი გიორგის და ახლა თანაგუნდელები ვართ. მადლობა ბუ“!