ეს ნამდვილად შეუსრულებელი მისია არისო, წერს იტალიური calciomercato ფრანგულ „პარი სენ ჟერმენზე”. პორტალის აზრით უბრალოდ შეუძლებელია იპოვო იმ ფეხბურთელის სრულფასოვანი შემცვლელი, რომელსაც პირობითად რომ ვთქვათ დიდი ვარსკვლავისთვის საჭირო 10 თვისებიდან ცხრა მომადლებული აქვს ან იგივე რეკლამის ენაზე რომ გადავთარგმნოთ „სამი ერთშია”. კილიან მბაპეზე მოგახსენებთ. და ყველამ იცის, რომ აქ პრობლემა ფულის ნაკლებობა არ არის. ფული პარიზელთა არაბ მეპატრონეებს ურიცხვი აქვთ — ვისაც გინდა იყიდიან. აქ, მსოფლიოს საუკეთესო თუ საუკეთესოსთან ახლოს მყოფი ფეხბურთელის სრულფასოვნად, ერთი კაცით ჩანაცვლებაზეა ლაპარაკი.
calciomercato წერს, რომ ასეთ პირობებში პარიზელებს მზერა „ნაპოლის” საგანძურისკენ გაურბით და ოპტიმიზმს, რომ საქმეს გაკვაჭავენ, ნეაპოლელთა უხეირო თამაში ჰმატებთ. ვიქტორ ოსიმენს საფრანგეთში თამაშის გამოცდილება აქვს, „ლილის” ფეხბურთელი იყო და ის, რომ პსჟ-ს მისი გადაბირება უნდა, დიდი ხნის ცნობილი ამბავია. ამ დღეებში იტალიური მედია იმაზე ალაპარაკდა, რომ ფრანგულ კლუბს თავში აზრად ნიგერიელის გარდა ქართველი ხვიჩა კვარაცხელიას შეძენაც მოუვიდა. თურმე ეიფელის კოშკის ქვეშ ეს ორი მოთამაშე, პლუს „ლილის” კიდევ ერთი ყოფილი წევრი, „მილანის” პორტუგალიელი ვარსკვლავი რაფაელ ლეაო განსაკუთრებით მოსწონთ. სხვა საქმეა, რომ ის და კვარა ერთმანეთს სავარაუდოდ გამორიცხავენ.
შემდეგ, პორტალი კვარაცხელიას ამბავს გვახსენებს: „ნაპოლიში” „ბათუმიდან” 2022 წელს გადასულმა თავდამსხმელმა იტალიურ კლუბთან 2027 წლამდე გააფორმა კონტრაქტი, რომლის პირობებიც დღემდე არ შეცვლილა — გასული სეზონის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი მიღწევების მიუხედავად კვლავ წელიწადში 1,2 მილიონ ევროს იღებს. შეადარეთ ეს თანხა 10 მილიონს, რომელსაც მის „ტყუპისცალად” შერაცხულ ოსიმენს უხდიან. „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩასთან დაკავშირებით არ ჩქარობს. ის რაიმე თანხის დათქმით შეზღუდული არ არის და ამიტომ შეუძლია ქართველი მოურიდებლად დააფასოს ისე, როგორც მოეპრიანება. მეორე მხრივ, კვარაცხელიას წარმომადგენლები სეზონის დასრულების შემდეგ ხელშეკრულების განახლებას მოითხოვენ და თუ დე ლაურენტისი მათ თხოვნას გაგებით არ შეხვდება, დიდი შანსია კლუბსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობები საბოლოოდ გაფუჭდეს. აქვე უნდა ითქვას, რომ არსებობს კიდევ ერთი საკითხი: ერთია რა უნდა „პარი სენ ჟერმენს” და მეორეა რა სურთ ნეაპოლელებს — ოსიმენის გაყიდვიდან რამდენიმე დღეში კვარაცხელიასთან დამშვიდობება მათ ნამდვილად არ ესიამოვნებათ. ეს დე ლაურენტისს წესით პრობლემებს შეუქმნის.
კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრებაში ერთად, 6 გოლი აქვს გატანილი. გარდა ამისა მან 5 საგოლე პასი ჩააწოდა. ის, რომ სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, ეჭვქვეშ არც რუდი გარსიას, არც ვალტერ მაცარის და არც ფრანჩესკო კალცონას ხელში დამდგარა, მაგრამ მთელი სეზონის განმავლობაში ქართველის თამაშს ფონად ნერვიულობა და უიღბლობა სდევს, ხოლო calciomercato წერს, რომ გარემარბი იმ ფანტასტიკურ ფეხბურთს ვეღარ აჩვენებს, რომლითაც ლუჩანო სპალეტის დროს გამოირჩეოდა.
ასე ათუ ისე, პარიზელთა იდეა, ოსიმენისა და კვარაცხელიას წყვილი არ დააშოროს და წყვიალადვე გადაიბიროს, ნამდვილად საინტერესოა. გამოვა თუ არა ამ საქმიდან რამე, ამ ეტაპზე ვერავინ იტყვის.





