ილია თოფურია ჩვენი ქვეყნის ახალი სახალხო გმირია, რომელიც შინ დაბრუნების შემდეგ ეროვნულმა მას-მედიამ ზეიმით მიიღო. „ელ მატადორმა” ალექსანდერ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ახლა პირველი ესპანელია, რომელმაც UFC-ს ჩემპიონის ქამარი მოირგო.
„ნოკაუტის მომენტში მისი სახის შეხედვამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, საოცარი კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა. ეს იგივე იყო თავის ქალა რომ დამენახა. აღმაფრთოვანა სტადიონმა. ასეთ მომენტში დიდ ენერგიას გრძნობ”, — უამბო ჩემპიონმა ესპანურ მედიას მადრიდში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. ახლა მისი მიზანი ისლამ მახაჩევია.
მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მებრძოლის დამარცხების შემდეგ ილია საყოველთაო რეიტინგში, ანუ იმ რეიტინგში რომლის შედგენის დროსაც ყველა წონას ითვალისწინებენ, მეხუთე ადგილზე გადავიდა.
„პირველი ადგილი არსად წავა. მინდა მახაჩევს შევხვდე, მაგრამ მანამდე კიდევ ერთი ბრძოლის გამართვა მსურს. მახაჩევი საბოლოო მიზანია”, — თქვა ესპანელ-ქართველმა მებრძოლმა, რომელსაც სურს მიაღწიოს იმას, რასაც მისმა მოწინააღმდეგემ ვოლკანოვსკიმ ვერ მიაღწია: გახდეს ერთბაშად ორი წონის ჩემპიონი, რომლებშიც მახაჩევი მეფობს. ამას გარდა მას უნდა კრივშიც სცადოს ბედი და მექსიკელ კანელო ალბარესს შეებრძოლოს.
ყველას აინტერესბს რა გადაწყვიტა UFC-ს პრეზიდენტმა დანა უაითმა შემდეგი ბრძოლის ადგილთან დაკავშირებით.
„ჯერჯერობით არაფერზე გვილაპარაკია. როდესაც დავილაპარაკებთ, ვცდი მაქსიმალურად მივაწვე, რადგან წლეულს მეტი ბრძოლა არ მინდა”, — განმარტა ილიამ და დასძინა, რომ სურს მომდევნო შერკინება შინ, თავისი გულშემატკივრის წინაშე გამართოს.
„„სანტიაგო ბერნაბეუ” მითიური სტადიონია, თუმც ეს სარბიელი სხვა სპორტისთვის არის განკუთვნილი. „სანტიაგო ბერნაბეუზე” გამოსვლა დიდი პატივია. თუ თანხმობა მექნება, ყველა ღონეს ვიხმარ, რათა ჩემი შემდეგი ბრძოლა აქ გავმართო. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვარსკვლავები ჩემს სასიკეთოდ განლაგდნენ”, — დასძინა თოფურიამ.
ილია თოფურია აცხადებს, რომ „რეალის” გულშემატკივარია და კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს უნდა შეხვდეს. გარდა ამისა ის 25 თებერვალს დაესწრება „რეალისა” და „სევილიას” შეხვედრას.
„ერთ-ერთი მათგანი ვისთან შეხვედრასაც დიდი აღტაცებით ველი ფლორენტინოა. ის დიდი კაცია. მან ბევრი რამ გააკეთა, რის გაკეთებაც შორიდან ადვილი ჩანს”, — განაცხადა ილიამ და დაამატა, რომ მისი ბავშვობის ერთ-ერთი კერპი სერხიო რამოსია, რომელიც მისი და ჯოშ ემეტის ბრძოლას დაესწრო, ხოლო ბრძოლამდე თოფურიას გამახნევებელი ვიდეოც გაუგზავნა.
კრისტინა პარა, AS





