იტალიური ფეხბურთი უპრეცედენტო ფაქტის წინაშეა: ფრანჩესკო კალცონა კლუბსაც გაწვრთნის და ნაკრებსაც. ლაპარაკია „ნაპოლისა” და სლოვაკეთის ეროვნულ გუნდზე.
გაჩნდა კითხვა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წესდების თანახმად აქვს კი ერთსა და იმავე ადამიანს უფლება ერთდროულად კლუბშიც იმუშაოს და ნაკრებშიც? მეოთხე პარაგრაფის მე-40 პუნქტი ამბობს, რომ ეროვნული გუნდის მწვრთნელებსა და მათ მოადგილეებს უფლება არ აქვთ იმავე სეზონში იმუშაონ კლუბებშიც. ამისათვის მათ ჯერ ფედერაციასთან უნდა შეწყვიტონ თანამშრომლობა, მაგრამ აშკარაა, რომ აქ ლაპარაკია იტალიის ფეხბურთის ფედერაციაზე, კალცონა კი ხელშეკრულებით სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციასთან არის დაკავშირებული. სავარაუდოდ, იტალიელები ვერასდროს იფიქრებდნენ, რომ მათი ქვეყნის კლუბის მწვრთნელი იმავდროულად უცხო ქვეყნის ნაკრებსაც გაუძღვებოდა და წესდებაში ეს ვარიანტი არ გაუთვალისწინებიათ. სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციას კი მსგავსი აკრძალვები არ აქვს.
მსოფლიოში ასეთი შემთხვევები ყოფილა. კლუბსა და ნაკრებში ერთდროულად უმუშავიათ გუს ჰიდინკს, ალექს ფერგიუსონს, ფათიჰ თერიმს, რალფ რანგნიკს…
კალცონას ძალების განაწილება მოუწევს. სლოვაკეთის ნაკრები ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზეა და ზაფხულში გერმანიაში მიემგზავრება. წილისყრამ ის E ჯგუფში მოახვედრა ბელგიასთან, რუმინეთთან და ერთა ლიგის B ბილიკიდან გასულ გუნდთან ანუ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, უკრაინასთან, ისრაელთან ან ისლანდიასთან ერთად. მარტში სლოვაკებს ამხანაგური შეხვედრები აქვთ ჩასატარებელი. „ნაპოლის” გასაჭირისა და გადატვირთული კალენდრის ამბავს კი აქ აღარ გავიმეორებთ.



![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)

