გასული უქმეები ქართველი ლეგიონერი მორაგბეებისთვის საკმაოდ წარმატებული იყო: ტოპ 14-ში ერთი ქართული ლელო დაფიქსირდა, ხოლო პრო დ2-ში – ერთბაშად 3.

ტოპ 14

საფრანგეთისა და ევროპის უძლიერესი ლიგის მე-15 ტურში მონაწილეობა 10-მა ჩვენებურმა მიიღო, არადა გუნდების განაცხადებში 11 ქართველი იყო. საქმე ისაა, რომ „ბაიონმა“ გელა აფრასიძე მთელი 80 წუთი მარქაფაში აყურყუტა.

ლიდერი კვლავ პარიზიდანაა – „სტად ფრანსემ“ „პერპინიანს“ 32:19 მოუგო, ბონუსსაც გამოკრა ხელი და 46 ქულით ცხრილს სათავეში ჩაუდგა. კატალონიელთა შორის 49-ე წუთზე ტრავმამოშუშებული გიორგი თეთრაშვილი გამოჩნდა.

მეორე პარიზული გრანდი „რასინგ-92“ მე-4 საფეხურამდე ჩამოქვეითდა, რადგან შინ სენსაციურად წააგო იმდროინდელ ერთპიროვნულ აუტსაიდერ „მონპელიესთან“, რომელმაც ბონუსიანი (44:20) მოგების წყალობით, როგორც იქნა, დააღწია თავი ცხრილის ფსკერს და მე-13 ადგილზე ავიდა. პარიზელთა შორის 49-ე წუთზე გია ხარაიშვილი გამოჩნდა, სტუმრების შერკინების პირველი ხაზის მარჯვენა ბურჯი კი სასტარტოც ქართველი იყო და შემცვლელიც – ლაშა მაჭარაშვილი 42-ეზე ლუკა ჯაფარიძემ ჩაანაცვლა.

„მონპელიემ“ 25 ქულას მოუყარა თავი და 3 ქულით ჩამოიტოვა „ოიონაქსი“, რომელმაც ტულუზაში მოქმედ ჩემპიონთან დიდი ანგარიშით დამარცხდა – 34:61. სტუმართა შორის 49-ე წუთზე ვეტერანი ირაკლი მირცხულავა გამოჩნდა.

„ლიონმა“ ევროპის ჩემპიონ „ლა როშელს“ 28:17 აჯობა და წაგებულთა რაზმში ნაკრებიდან დაბრუნებულმა სანდრო ქუნთელიამ მეორე ტაიმის 33 წუთი ითამაშა.

ბექა გორგაძისა და გურამ პაპიძის „პომ“ კი ბორდოში ნამდვილი ფურორი მოახდინა და მრისხანე „ღვინისფერები“ 20:10 დაამარცხა. გურამი შეცვლაზე 56-ე წუთზე შევიდა, „ბექსონამ“ კი საწყისი 52 წუთი ხომ ითამაშა და ტრავმირებული პარტნიორის ჩასანაცვლებლად 73-ეზეც დაბრუნდა. ასევე ნაკრებიდან კლუბში დაბრუნებულმა გორგაძემ საუცხოო მატჩი ჩაატარა და ტურის სიმბოლურშიც მოხვდა.

ტურის ბოლო მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა, თუმცა მასპინძელმა „კასტრმა“ სტუმარ „ტულონს“ საბოლოოდ მაინც აჯობა – 25:17. შეხვედრის ანგარიში ვეტერანმა ბორჯღალოსანმა ლევან ჩილაჩავამ გახსნა, რომელმაც მე-17 წუთზე, მეტოქის 5-მეტრა წყვეტილთან დანიშნული შერკინებიდან ბურთი ამოიღო და დანარჩენი კი მას არ ესწავლება – რამდენიმე მეტოქემ მძლავრ ქართველს ვერაფერი დააკლო. ეს იყო ლევანის მე-12 ლელო ტოპ 14-ის 163-ე მატჩში! ჩილაჩავაზე მეტი ლელო მოქმედ ქართველ მორაგბეთაგან მხოლოდ დავით ნინიაშვილს აქვს – 13, მაგრამ სად უკანახაზელის სალელოვე შესაძლებლობები და სად – ბურჯის?!

„ტულონში“ ბოლო 13 წუთი ვასილ ლობჟანიძემ ითამაშა, ხოლო მისი გუნდი ცხრილში მე-6 საფეხურამდე დაეშვა, „კასტრი კი მე-5 ადგილზე დაფუძნდა.

პრო დ2

საფრანგეთის რანგით მეორე ლიგის მე-20 ტურში 13-მა ქართველმა ითამაშა და ორმა მათგანმა ლელოს გატანაც მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა ერთბაშად ორჯერ გამოიჩინა თავი – გიორგი ჯავახიამ ჯერ ეროვნულ ნაკრებში დაადასტურა, რომ მშვენიერ ფორმაშია, „გრენბლში“ დაბრუნებული კი „ბრივთან“ 40:29 მოგების მთავარ ინსპირატორად იქცა. ბორჯღალოსანმა მეორეხაზელმა ჯერ მე-7 წუთზე გაარღვია ბრიველთა დაცვა, მერე – 67-ეზე და პრო დ2-ში ჩატარებულ 102-ე მატჩში ლელოთა პირადი ანგარიში 11-მდე აიყვანა! ჯავახია, ცხადია, ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. გიორგის ლელოებს შორის თავის გამოჩენა ლუკა გოგინავამაც შეძლო, რომელმაც კარიერის 107-ე მატჩში მე-7 ლელო მიითვალა. „გრენობლი“ მე-10 ადგილზეა, არადა 8-ქულიანი სანქცია რომ არა, სანუკვარ ექვსეულში იქნებოდა.