Ešte stále kadečo čítam... Hamšík reaguje aj na bývalých kolegov z reprezentácie, ktorí kritizovali Calzonu - Reprezentácia - Futbal - Športweb
კალცონა და ჰამშიკი

ბოლო ცნობები ნეაპოლიდან: „ნაპოლის” მწვრთნელად შესაძლოა დაუყოვნებლივ დაინიშნოს იტალიელი ფრანჩესკო კალცონა, რომელიც სკუდეტოს მფლობელთა პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს დღეს შეხვდება. შეთანხმების შემთხვევაში კალცონას ასისტენტები იქნებიან მარეკ ჰამშიკი და ფრანჩესკო სინატი — ლუჩანო სპალეტის დროინდელი ფიზიკური მომზადების მწვრთნელი.

კალცონა 2022 წლის შემდეგ სლოვაკეთის ნაკრებს უდგას სათავეში. ცნობილი გახდა, რომ სლოვაკთა ფეხბურთის ფედერაცია ყაბულსაა მას ხელ-ფეხი გაუხსნას, რათა იგი დაუყოვნებლივ შეუდგეს საქმეს „მარადონაზე”.

ფრანჩესკო კალცონა 55 წლისაა. ფეხბურთელის კარიერა ფაქტობრივად არ ჰქონია: სულ სამჯერ ითამაშა სერია B-ში „არეცოს” შემადგენლობაში. შემდეგ ის მწვრთნელი გახდა და „პერუჯაში”, „ალესანდრიაში”, „სორენტოში”, „ემპოლიში”, „კალიარისა” და „ნაპოლიში” ასისტენტად მუშაობდა. „ნაპოლიში” ორჯერ იყო: მაურიციო სარის დროს (2015-18) და სპალეტის დროს, (2021-22) წლებში. მეორე ჯერზე „აძურიში” მის პოზიციას ტექნიკური მწვრთნელი ერქვა.

მთავარი მწვრთნელობის გამოცდილება კალცონამ ბოლოს, სლოვაკეთის ნაკრებში შეიძინა.

მარეკ ჰამშიკი, რომელიც კალცონას „ნაპოლის” მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში მისი ასისტენტი იქნება გახლავთ 36 წლის სლოვაკი ვეტერანი, რომელმაც კარიერის დიდი ნაწილი, 2007-19 წლები, სწორედ „ნაპოლიში” გაატარა. ბოლოხანს ისიც სლოვაკეთის ნაკრებში მუშაობს, სადაც ფეხბურთელობის წლებში 138 შეხვედრა ჩაატარა.

ჰამშიკმა მოთამაშის კარიერა გასულ სეზონში „ტრაბზონსფორში” დაასრულა.

კალცონასა და ჰამშიკს „ნაპოლიში” კარგად ნაცნობი სლოვაკი ნახევარმცველი სტანისლავ ლობოტკა დახვდებათ.